მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში სასტუმროებში უცხოელების უნაღდო დანახარჯები 63%-ით, კახეთში კი 37%-ით გაიზარდა | TBC Capital

ბათუმი

აჭარის სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები 63%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 2%-ით შემცირდა. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ სექტემბრის ტურიზმის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც კახეთის, აჭარისა და თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების დანახარჯებს ეხება.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, სასტუმროებში არარეზიდენტების დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად, ტრანზაქციების რაოდენობის მატების ხარჯზე. ზრდას ხელი შეუწყო ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მცირედმა მატებამაც. არარეზიდენტები რესტორნებშიც მეტ გადახდას ახორციელებდნენ, თუმცა თითოეულ გადახდაზე საშუალოდ მნიშვნელოვნად ნაკლებს ხარჯავდნენ. ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ ვერ დააბალანსა ტრანზაქციის საშუალო მოცულობის კლება, რის შედეგადაც რესტორნებში ჯამური დანახარჯები შემცირდა.

2025 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 754 ლარიდან, 782 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება რესტორნებს, აქ ხარჯები 237 ლარიდან 179 ლარამდე შემცირდა.

კახეთის შემთხვევაში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში ერთნაირად პოზიტიური დინამიკით ხასიათდებოდა. კერძოდ, კახეთში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებსა და რესტორნებში შესაბამისად, 37% და 39%-ით გაიზარდა.

კერძოდ, TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 452 ლარიდან [2025 წლის სექტემბერი] 509 ლარამდე გაიზარდა, რესტორნების შემთხვევაში კი 102 ლარიდან 105 ლარამდე გაიზარდა.

"კახეთში არარეზიდენტების დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სასტუმროებში, ისე რესტორნებში, რასაც ხელი შეუწყო ტრანზაქციების რაოდენობისა და ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მატებამ. ეს ნიშნავს, რომ ორივე კატეგორიაში არარეზიდენტები მეტ გადახდას ახორციელებდნენ და თითოეულ გადახდაზე საშუალოდ მეტს ხარჯავდნენ. სასტუმროებში ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლოა განთავსების გაძვირებას ან უფრო ხანგრძლივ დარჩენას უკავშირდებოდეს.

რესტორნებში დანახარჯების ზრდა ძირითადად გადახდების რაოდენობის მატებამ განაპირობა, თუმცა ზრდას ხელი შეუწყო თითოეულ გადახდაზე საშუალო დანახარჯის მატებამაც. სასტუმროებში დანახარჯების ზრდას ხელს უწყობდა როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მატება, ხოლო რესტორნებში დანახარჯების დინამიკას ძირითადად ტრანზაქციების რაოდენობა განსაზღვრავდა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები