მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანის განცხადებით, ძვირადღირებულ გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია

5e4e5fb03179a
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.20 14:55
1448
2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე რეკორდული მოცულობის თანხა - $78 მილიონი დოლარი გადაიხადა. აღნიშნულ ფონზე, ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი შეფერხებულია.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ქვეყანას იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება "ნებისმიერ ფასად არ უღირს". ივანე მაჭავარიანის განცხადებით, გარანტირებული შესყიდვების კონტრაქტების პირობები, რომელთა მოცულობაც სავალუტო ფონდთან შეთანხმებით ერთხელ უკვე შეიზღუდა, სავარაუდოდ კიდევ ერთხელ შეიზღუდება და სახელმწიფო გარანტირებული ტარიფის კონტრაქტის მაქსიმალურ ღირებულებას დაწევს.   

"ფაქტია, რომ ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, მაგრამ ჩვენ იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს. ყველა ის ენერგეტიკული პროექტი, რომელიც სახელმწიფოსთან არის შემოტანილი და რომელიც ითხოვს სახელმწიფო გარანტიას, არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის არის მისაღები. ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად საკმაოდ დეტალურად გავდივართ ამ საკითხს.

ადრინდელი ზღვარი – ჩვენს მიერ რისკის აღების ზედა ზღვარი, სავალუტო ფონდთან იყო დაწესებული და მათთან ერთად შეთანხმებით იყო დადგენილი. ახლა მათი რეკომენდაცია არის, რომ ეს ზღვარი ჩვენ კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვწიოთ, ან პრაქტიკულად უარი ვთქვათ PPA-ებზე, რაც არის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტები და ძალიან საინტერესო რეფორმა მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროში ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით.

ენერგეტიკის რეფორმა საკმაოდ კარგად დაიძრა, მიდის მუშაობა ბაზრის დერეგულაციაზე, ხდება ახალი სისტემების დანერგვა, იმის თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს ელექტროენერგიის ბაზარმა, თუ როგორ უნდა იმართოს ეს პროცესი. თქვენ იცით, რომ 2019 წელს ათამდე კომპანია გავიდა ღია ბაზარზე, ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად საბაზრო პრინციპებმა ითამაშოს ელექტროენერგიის ბაზარზე და იქ დადგინდეს ფასი. შესაბამისად, სადაც იქნება მიზანშეწონილი და მომგებიანი, იქ აშენდება სადგურები - იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურები, თუ თბოსადგურები, სადაც უფრო ხელსაყრელი იქნება, განხორციელდება იმპორტი", - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

2019 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო განაგრძობს გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისგან თავის შეკავებას იქამდე, სანამ არ იქნება ამოქმედებული კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ახალი ჩარჩო მოდელი.

"სანამ აღნიშნული წინაპირობა შესრულდება, გარანტირებულ შესყიდვები მხოლოდ ამ წინაპირობებით არის დაშვებული:

1) გარანტირებული შესყიდვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 8 თვეს;
2) გარანტირებული შესყიდვის ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს 6 ამერიკულ ცენტრს;
3) ჯამურმა დადგმულმა მოცულობამ, რომელზეც გარანტირებული შესყიდვა არის გაფორმებული IMF-ის პროგრამის დაწყების შემდგომ 650 მეგავატს არ უნდა გადააჭარბოს", - ნათქვამია დოკუმენტში.

გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტები ენერგოპროექტებში სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო იღებს გარანტიას გამომუშავებული ელექტროენერგია წინასწარ დადგენილი ტარიფით შეიძინოს.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებთ, 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა. 

გასულ წელს საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიას რუსეთიდან (524.5 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (1102.0 მლნ კვტ.სთ) იღებდა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი ზრდამ 153% შეადგინა, აზერბაიჯანიდან კი პირიქით, 10%-ით შემცირდა. 

ცალკეული წლების მიხედვით, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი მაქსიმალური 2010 წელს იყო და ის 36.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ასევე მსხვილი იყო ექსპორტი 2011 წელსაც და ის $32.6 მილიონს შეადგენდა.