საქართველოს მთავრობა მსხვილი ენერგოპროექტების მშენებლობას სახელმწიფოს თანამონაწილეობით განიხილავს. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში თქვა, რომ "ნამახვანი", "ნენსკრა" და "ხუდონი" მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს, რომ ეს პროექტები სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების.
მთავრობას ინვესტორისგან უკვე გამოისყიდა "ხუდონჰესის" პროექტი, რაც 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. „დავიბრუნეთ ტერიტორიები, რომლებიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული და ყველა უფლება [პროექტზე]. შესაბამისად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ“,-თქვა გასული წლის დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.
რაც შეეხება, "ნენსკრაჰესის" პროექტს, გასული თვის დასაწყისში პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "ნენსკრაჰესის" პროექტთან დაკავშირებით მემორანდუმი ინვესტორ კომპანია K-Water-თან გაფორმებულია და მშენებლობა მაქსიმუმ 2024 წელს განახლდება.
ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს. 280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.
რაც შეეხება "ნამახვანჰესს", რიონის ხეობაში "ნამახვანის" ჰიდროელექტროსადგურს თურქული კომპანია "ენკა რინიუბელზს" აშენებდა. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ კი მშენებლობა შეწყდა. პრემიერმა თქვა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. მთავრობამ გამოაცხადა მორატორიუმიც და ENKA-ს კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით აეკრძალა. აქედან რამდენიმე თვეში კი ინვესტორმა მთავრობას ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ აცნობა, რისი საფუძველიც მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი დასახელდა. ახლა ENKA საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.
გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გვითხრა, რომ ნამახვანჰესის პროექტის მიმართ ევროპელი ინვესტორები გამოთქვამენ ინტერესს.
BMG-მ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, იმ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში, სადაც სახელმწიფო მონაწილეობას განიხილავს, გათვალისწინებულია თუ არა შესაბამისი ფინანსური სახსრები 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში.
„ხუდონის ნაწილში ჯერ კვლევა მიდის. 2024 წელს არცერთი ამ ჰესის ფიზიკური მშენებლობა ვერ დაიწყება, სადაც შესაძლებელია პოტენციურად სახელმწიფო იყოს მონაწილე“,- აცხადებს გიორგი კაკაურიძე.