მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძემ აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი დააფუძნა - ხვალ პირველი ღონისძიებაა

61af7df5c84cf
თელარა გელანტია
07.12.21 19:27
10088
Foreign Policy-ი და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხვალ ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავენ.

ღონისძიება სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღსანიშნია, რომ ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან:

მეთ კენედი - Converge დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;

სტუარტ აკერლი - ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი;

ქალებ ჩარლზ მაკკარი - ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი;

ლევან ავალიშვილი- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;

ირინა ლორთქიფანიძე - აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2019 წლის 2 სექტემბერს, გლობალური პანდემიის დაწყებამდე 3 თვით ადრე დატოვა. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ საზოგადოებას ვრცელი Facebook-პოსტით აცნობა და მას შემდეგ საჯარო სივრცეში, ფაქტობრივად, არ გამოჩენილა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები