მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები“ - ნათია თურნავა

62039503ae27d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.22 14:17
3656
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა უწყების ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს, „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება, თუმცა სფეროს იცვლის. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გააცნო. შედეგად, თურნავა მინისტრთა კაბინეტს ტოვებს, მის ადგილს კი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იკავებს. 

ნათია თურნავას თქმით, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რომელ სფეროში გადავა და როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინვე აცნობებს საზოგადოებას. ყოფილმა მინისტრმა უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა.

„მინდა მადლობით დავიწყო. დიდი მადლობა ჩვენი სამინისტროს გუნდს, რომლის გვერდით 3 წლის განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან დიდი პატივი იყო ის ნდობა, რაც გუნდმა გამომიცხადა. ეს მართლაც რთული წლები იყო, მაგრამ რაც მთავარია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, სწრაფად განვითარდება. ახლა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი და მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი (დავითაშვილი) თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. მას წარმატებას მეც პირადად ვუსურვებ.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ ეს სამი წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო, მაგრამ რთული იყო. მე მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. ვრჩები ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით, ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის, როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გავანდობთ საზოგადოებას. მადლობა მედიას, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა. მანამდე 2018 წლის 14 სექტემბერიდან ის, უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტზე იყო; 2013 წლის აგვისტოდან 2018 წლის სექტემბერამდე - სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ადგილი ეკავა; 2006 – 2013 წ.წ.-ში - შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო; საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ის 2005 წ. სექტემბერიდან - 2006 წლის ნოემბერამდეც იკავებდა; 2005 წ. მაისიდან კი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო; 2000 – 2005 მაისი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998 – 2000 წ.წ. - თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1997 - 2000 წ.წ. - მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად; 1994 – 1996 წ.წ. - მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.