მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკს Twitter-დან გათავისუფლებული აღმასრულებლებისთვის $200 მლნ-მდე თანხის გადახდა მოუწევს

635d22b457ff0
თამთა ჯიჯავაძე
29.10.22 16:56
1569
ილონ მასკს Twitter-დან გათავისუფლებული სამი აღმასრულებლისთვის $187 მლნ-ის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ CNN წერს. საუბარია კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ პარაგ აგრავალზე, მთავარ ფინანსურ ოფიცერ ნედ სიგალსა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვიჯაია გადიზე, რომლებიც ილონ მასკმა თანამდებობიდან მაშინვე გადააყენა, როგორც კი Twitter-ის შესყიდვის $44-მილიარდიანი გარიგება დაასრულა.

დახურულ კარს მიღმა მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასკმა დატვიტა, რომ "ჩიტი თავისუფალია", რითაც იგულისხმა, რომ Twitter-ი მენეჯმენტის შემზღუდავი პოლიტიკისა და ცენზურისგან განთავისუფლდა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

Forbes-ის წყაროების თანახმად, შეხვედრაზე მასკმა აწ უკვე ყოფილ CEO-ს განუცხადა, რომ ის მოლაპარაკებების პროცესში ბოტების რეალური რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიზანმიმართულად დამალვაშია დამნაშავე, რის გამოც ის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ იქნება გათავისუფლებული.

გადაყენებული მმართველი გუნდის წევრები მასკისგან მიიღებენ კომპენსაციას. კერძოდ, აგრავალი $1 მილიონს, ხოლო $600 000-ს სიგალი და გადი ცალ-ცალკე. ამას დაემატება ერთი წლის ხანგრძლივობის ჯანმრთელობის დაზღვევაც, რომლის ჯამური ღირებულება სამივესთვის $73 000 იქნება. ამასთან, სამივე მასკისგან მიიღებს კომპანიის აქციების სანაცვლოდ თანხას. აღსანიშნავია, რომ აგრავალი, რომელმაც CEO-ს პოსტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიკავა, კომპანიაში $8.4 მლნ-ის 155 000 აქციას ფლობდა, სიგალი $22 მლნ-ის 406 000 აქციას, ხოლო გადი - $34.8 მლნ-ის 642 000 აქციას.

მართალია, მასკის ქონება 220 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მასაც კი არ ჰქონდა, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.

13 მილიარდ დოლარი - ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელიც მასკმა ბანკებისგან ვალის სახით მიიღო, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი - Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.

ვრცლად მასკის გეგმების შესახებ წაიკითხეთ აქ: რეალურად რატომ ყიდულობს ილონ მასკი Twitter-ს და რა ამბიციური გეგმები აქვს მას?