მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Threads vs. Twitter - რომელი აჯობებს?

64aa77ee5f164
გიორგი არონია
09.07.23 13:20
1305

ამერიკულმა Meta-მ ახალი სოციალური ქსელი, Threads-ი ჩაუშვა, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Twitter-ის პირდაპირი კონკურენტია. აპლიკაციებს შორის მსგავსება დროებით გვერდზე რომ გადავდოთ, კონკურენციის ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ პლატფორმის გაშვებიდან მალევე, მედიაში გავრცელდა Twitter-ის იურისტების მიერ მარკ ცუკერბერგისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც Twitter-ი ირწმუნება, რომ Meta მის სავაჭრო საიდუმლოებას და სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას სისტემატურად და უკანონოდ იყენებდა. მოგვიანებით, საკითხს ილონ მასკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “კონკურენცია კარგია, მაგრამ იდეის მოპარვა - არა”.

თუმცა, სანამ ორ პლატფორმას შორის განსხვავებებს გაგაცნობთ, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ “ტყუპი აპლიკაციების” ფენომენზე, ანუ მოვლენაზე, როცა ტექნოლოგიური კომპანიები მომხმარებლებს ფაქტობრივად იდენტურ პროდუქტს სთავაზობენ. ბოლო წლებში, სოციალური ქსელების ინდუსტრიის რამდენიმე მსხვილი კომპანიის გარშემო კონსოლიდაციის პარალელურად, ჩამოყალიბდა ის რამდენიმე ბიზნესმოდელი, რომელიც, სულ მცირე ამ ეტაპისთვის, ყველაზე კარგად მუშაობს. თან, აღნიშნული ტრენდი ეხება, როგორც Facebook-ის მსგავს კლასიკურ სოციალურ ქსელებს, ასევე ახალ, შეიძლება ითქვას რევოლუციურ პლატფორმებს, რომლის მაგალითად, Discord-ი შეიძლება გამოდგეს.

ბოლო წლებში, აპლიკაციების შინაარსობრივი სინქრონიზაციის პროცესი ჩინურმა TikTok-მა დააჩქარა, რომელმაც ბაზარს მცირე ხანგრძლივობის ვერტიკალური ვიდეოების ფუნქციონალი შესთავაზა. ამ ტიპის კონტენტმა გლობალურად ფეხი მალევე მოიკიდა, რასაც, ცხადია, ნაწილობრივ, პანდემიამ და გლობალურმა კარჩაკეტილობამ შეუწყო ხელი, მაგრამ, რეალურად, წარმატების მთავარ გასაღებს სხვაგან უნდა ვეძებდეთ. პირველ რიგში, დავიწყოთ TikTok-კონტენტის ვერტიკალურობით: ამ, ერთი შეხედვით, მცირე დეტალით, ჩინურმა კომპანიამ ვიდეოები ერთი სტანდარტის ქვეშ მოაქცია და თან, ის პლანეტის ყველა წერტილში ხელმისაწვდომ მოწყობილობას - სმარტფონს დაუკავშირა. სმარტფონების რაოდენობა მზარდია, მით უფრო, რომ პენეტრაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია განვითარებად ქვეყნებში. ამას თან ერთვის სმარტფონების ექსპონენტური გაუმჯობესება და “სქროლვის” კულტურის ექსპორტი, რაც, საბოლოო ჯამში, ვიდეოების ვერტიკალური სტანდარტის დაწესებას მეტად პრაგმატულ გადაწყვეტილებად აქცევს.

აქვე უნდა ვახსენოთ Snapchat-ის ფენომენი, რომელიც თავის დროზე, ანუ TikTok-ის გამოჩენამდე რამდენიმე წლით ადრე, სოციალური ქსელების განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. თავის დროზე, Snapchat-მა მცირე ზომის ვერტიკალური სურათების და ვიდეოების დადების ფუნქციონალი შექმნა, რომელიც მოგვიანებით, ფაქტობრივად ყველა სოციალურმა ქსელმა დანერგა, მათ შორის Instagram-მა და Facebook-მა, Stories-ის სახელით. შეიძლება ითქვას, რომ TikTok-ი, Reels-ი და მსგავსი ფუნქციონალი, შინაარსობრივად, სწორედ Stories-ის გაგრძელებაა.

თუმცა TikTok-ისა და Snapchat-ის პოპულარობის მთავარი და გადამწყვეტი მიზეზი, მაინც ადამიანს და მისი თავის ტვინის აგებულებას უკავშირდება. ეს საკითხი კომპლექსურია, ასე რომ არგუმენტისთვის, მის მეტად გამარტივებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ. ადამიანები, ხშირად, გადაწყვეტილებებს თავის ტვინის ქიმიური სტიმულირების შედეგის საფუძველზე იღებენ, ანუ კონკრეტულ მომენტში ისეთ ქმედებას ირჩევენ, რომელიც ყველაზე დიდ სარგებელს მოუტანთ. ადამიანების შემთხვევაში, ეს სარგებელი დოფამინია - ჰორმონი, რომელიც თავის ტვინში მაშინ გამოიყოფა, როცა ადამიანი თავს კარგად, ანუ ბედნიერად გრძნობს. თუმცა დოფამინს ერთი ცუდი თვისებაც აქვს - ის დამოკიდებულებას იწვევს. აი, სწორედ ესაა სოციალურ მედიაზე, ანუ “სქროლვაზე” დამოკიდებულების ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

ტექნოლოგიურ კომპანიებში, ზოგადად, კარგად იცნობენ ადამიანის თავის ტვინს, მის აგებულებასა და ფუნქციონალს, რის გამოც, ამ მიმართულებით გადაწყვეტილებებს, როგორც წესი ნეირომეცნიერები და ქცევითი მეცნიერები იღებენ და არა, მაგალითად, დეველოპერები, რომლებიც პროცესში შედარებით გვიან ერთვებიან და მეცნიერების აღმოჩენებს ისეთ ალგორითმებს უსადაგებენ, რომლებიც პლატფორმაზე ადამიანის, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას უზრუნველყოფს.

თუმცა, ამ მხრივ, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი - ადამიანის ყურადღების არეალი, რომელიც წლებთან ერთად, სულ უფრო და უფრო მცირდება. ამ ტენდენციის ნათელ მაგალითად წიგნები შეგვიძლია ჩავთვალოთ. ადრე, ადამიანების თავისუფალი დრო უფრო ერთგვაროვანი და ნაკლებად შეზღუდული იყო, რის გამოც, წიგნები, რომლებიც, პირობითად, საუკუნეების წინ იწერებოდა, ხშირად რამდენიმე ტომად გამოდიოდა. ამასთან, სათაურში ხშირად დომინირებდა სიტყვა “საგა”, რომელიც ასევე ციკლურობაზე და მრავალტომურობაზე მიგვანიშნებს. პოსტმოდერნისტული წიგნები, რომლებიც ყველაზე ნათლად წარმოაჩენს დღევანდელი ადამიანების ფსიქოსომატურ პორტრეტს, როგორც წესი, საკმაოდ მცირე მასშტაბისაა და შეიძლება ძველი წიგნების ერთი ტომის მხოლოდ მესამედს იტევდეს.

აი, სწორედ აქ შემოდის TikTok-ი, რომელმაც ზემოხსენებული იდეები გააერთიანა და ისეთი პლატფორმა შექმნა, რომელიც, რეალურად, ადამიანებს ძალიან მოსწონთ. დავიწყოთ TikTok-ის ვიდეოების მოკლე ქრონომეტრაჟით, რაც ადამიანების ყურადღების შევიწროებული არეალის პრობლემის გადაჭრის იდეალური მეთოდია. ლოგიკა, ასეთია: თუ ადამიანის ყურადღება მხოლოდ რამდენიმე წამს იტევს, მაშინ კონტენტიც მხოლოდ რამდენიმეწამიანი უნდა იყოს. ამას თან ერთვის TikTok-ის წარმოუდგენლად ჭკვიანი ალგორითმი, რომელიც ხვდება არამხოლოდ იმას, თუ რა თემები გაინტერესებს, არამედ ასკვნის, თუ რა თემები მოგეწონება მომავალში - თანაც, ძალიან ზუსტად. აი, სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ TikTok-ში “სქროლვისას”, ადამიანებს დრო უბრალოდ ავიწყდებათ.

ჩინური TikTok-ის აღმოჩენა იმდენად პარადიგმული გამოდგა, რომ ბაზარზე მისი გამოჩენის შემდეგ, სოციალური ქსელების ინდუსტრია სამუდამოდ შეიცვალა. App Store-სა და Google Play Store-ში გამოჩენიდან რამდენიმე თვეში, TikTok-ის მსგავსი ფუნქციონალი ფაქტობრივად ყველა სოციალურმა ქსელმა დანერგა, მათ შორის იყვნენ Facebook-ი, Instagram-ი და YouTube-იც. ასეთი ტიპის კონტენტზე მზარდი მოთხოვნის არსებობას ხაზს უსვამს ისიც, რომ TikTok-ის თითოეული ზემოხსენებული ანალოგი თავისებურად წარმატებულია. ამას ხვდებიან კრეატორებიც, რომლებიც, კონტენტს, როგორც წესი, ყველა მსგავს პლატფორმაზე, დივერსიფიცირებულად ათავსებენ.

ახლა კი, დადგა დრო გადავინაცვლოთ Twitter-ში და ავხსნათ, თუ რამ განაპირობა ამ სოციალური ქსელის ასეთი პოპულარობა. სხვადასხვა სტატისტიკით, Twitter-ს 250 მილიონზე მეტი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ბაზირებული, რაც უცნაური სულაც არ არის, რადგან ამ ქვეყანაში, Twitter-ი ახალი ამბების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა, რომელსაც, სხვა ყველასთან ერთად, აქტიურად იყენებენ პოლიტიკოსებიც. Twitter-ის ასეთი პოპულარობა, თავის დროზე, სწორედ სოციალური ქსელის აგებულებამ განაპირობა, რადგან თითოეულ ტვიტზე არსებული შეზღუდვის გამო, Twitter-ი კონკრეტული ინფორმაციის სწრაფად გაზიარების კუთხით პირველ არჩევანად იქცა. თავდაპირველად, თითოეულ ტვიტში მხოლოდ 170 სიმბოლოს გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ მოგვიანებით, ეს რიცხვი 280-მდე გაიზარდა, რაც ასევე, ასე თუ ისე, მცირე რაოდენობაა.

ამრიგად, მარტივი დაკვირვებით ჩანს, რომ შინაარსობრივად, Twitter-ი და TikTok-ი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, რადგან ორივე მათგანი დოფამინის გარკვეული დოზის სწრაფად მიღების საშუალებას გვაძლევს, თანაც საკმაოდ მოკლე დროში, რაც ყურადღების შევიწროებული არეალის პრობლემასაც აგვარებს. მარტივად რომ ვთქვათ, TikTok-ი იგივე Twitter-ია, რომელშიც ადამიანები ტექსტის ნაცვლად, ვიდეოებს ათავსებენ - ასე არის Instagram-იც, ოღონდ სურათების შემთხვევაში. ინტეგრაციის ამგვარ ვექტორს ეფუძნება Threads-იც, რომელიც სამივე ზემოხსენებული სოციალური ქსელის - Twitter-ის, TikTok-ისა და Instagram-ის ერთგვარ ჰიბრიდად შეგვიძლია ჩავთვალოთ და რეალურად, სწორედ ესაა Threads-ის უპირატესობა. თუმცა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის და როგორ ფუნქციონირებს Threads-ი, პირველ რიგში, ნათლად უნდა ავხსნათ მისი მთავარი კონკურენტის Twitter-ის ფუნქციონალი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Twitter-მა საკუთარი “ოქროს ხანა” უკვე გადაიარა. სოციალური ქსელების მომხმარებლები თანხმდებიან, რომ Twitter-ზე ყოფნის საუკეთესო პერიოდი 2010-იანების შუა წლები იყო, როცა Twitter-ი ერთ დიდ გასართობ ადგილს, ერთგვარ წვეულებას გავდა, რომელზეც ადამიანები, რეალურად, არატოქსიკურ გარემოში ერთობოდნენ. იმ დროს, განსხვავებული იყო კონტენტის მოდერაციის წესებიც და რეალურად, Twitter-ი ინფორმაციის სწრაფად გადამოწმების ერთ-ერთ ყველაზე უტყუარ საშუალებად ითვლებოდა, რასაც დღეს, სოციალურ ქსელზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. იმ დროს, მსოფლიოში დომინანტ სოციალურ ქსელად მაინც Facebook-ი ითვლებოდა, მაგრამ Twitter-ს საკუთარი ნიში ჰქონდა, რადგან ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეში მას ბადალი არ ჰყავდა. ამასთან, 2010-იანების შუა პერიოდში, Twitter-ი კომუნალური შეკრების ერთ-ერთ ეპიცენტრადაც იქცეოდა.

თუმცა, დროის გასვლასთან და Twitter-ის მასშტაბების ზრდასთან ერთად, წვეულება, რომელმაც მილიონობით ადამიანი სოციალურ ქსელში შეკრიბა, ერთ დიდ უმართავ ქაოსად გადაიქცა, სწორედ ისე, როგორც წვეულება გადაიქცევა ხოლმე დაძაბულობის კერად, თუ იქ რადიკალურად განსხვავებული აზრის მქონე ბევრი აგრესიული ადამიანი მოხვდა. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრაზი და აგრესია ძალიან მარტივად იყიდება, რაც, თავის წილ, ამ ეფექტს კიდევ უფრო ამძაფრებს და საბოლოო ჯამში, მთელ სოციალურ ქსელს ტოქსიკურად აქცევს. ამას კი, ადამიანების გარკვეული ჯგუფი, ყველგან და ყოველთვის, საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს - ასე მოხდა Twitter-ის შემთხვევაშიც.

Twitter-ის მნიშვნელოვან სოციალურ ქსელად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი, რაც უნდა უცნაური იყოს, პოლიტიკოსებმა, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიტანა. დონალდ ტრამპის გამოჩენამდე, ამერიკელი პოლიტიკოსების არჩევნებისადმი მიდგომა მეტად კონსერვატიული იყო, რადგან საარჩევნო დაპირებების ონლაინსივრცეში გასავრცელებლად პოლიტიკოსები, ძირითადად, ტრადიციულ გზებს მიმართავდნენ, მათ შორის ტელევიზიას და ტრადიციულ სოციალურ ქსელებს. დონალდ ტრამპმა კი, არჩევანი Twitter-ზე გააკეთა, არჩევნებში გაიმარჯვა და რეალურად, სოციალური ქსელის გარეშემო ერთგვარი კულტი შექმნა. აღნიშნულმა კულტმა ადამიანებში ღრმად გამჯდარი არასწორი, ხშირად ძალადობრივი შეხედულებები გააღვივა და საბოლოო ჯამში, Twitter-ში საკმაოდ ტოქსიკური გარემო შეიქმნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპის ფენომენმა გამოააშკარავა ის, რომ Twitter-ის ბიზნესმოდელი მუშა და მდგრადია, რაც ასეთი ტიპის სოციალურ ქსელს საინტერესო ბიზნესად აქცევს.

მოგვიანებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობისკენ მოწოდებების ბრალდებით, Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში დახურა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ცხადია, არ ყოფილა პირველი ადამიანი, რომელსაც Twitter-მა საკუთარი სოციალური ქსელის გამოყენება აუკრძალა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იყო. ამგვარად, დონალდ ტრამპის ანგარიშის გაუქმებამ კიდევ ერთხელ გააცოცხლა Twitter-ის გარშემო მუდმივად არსებული, მაგრამ პერიოდულად აქტუალური დისკუსია სიტყვის თავისუფლების შესახებ. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, ისევე, როგორც კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი, ილონ მასკი, სულ მცირე თეორიულად, საკუთარ თავს სიტყვის თავისუფლების დარაჯებად აცხადებენ. რეალურად, ილონ მასკის ერთ-ერთი დაპირება, სწორედ ამ უფლების ტრიუმფატორობას გულისხმობდა.

ილონ მასკის მოსვლით Twitter-ის ისტორიაში ერთობ ტურბულენტური პერიოდი დაიწყო, რომელმაც კომპანიის ფინანსური მდგრადობა შეარყია. როგორც იმ დროს გაირკვა, კომპანიის $44 მილიარდად შესყიდვის შემდეგ, ილონ მასკმა აღმოაჩინა, რომ კომპანიის მენეჯმენტში და სამომხმარებლო ბაზაში სერიოზული ხარვეზები იყო - სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, თავის დროზე, ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვა რომ გადაიფიქრა. მას შემდეგ, კომპანიიდან პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Twitter-ის მომხმარებლების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ნაწილი ბოტი იყო, რაც, ცხადია, ცუდ გავლენას ახდენს არამხოლოდ კომპანიაზე, არამედ მის შემოსავლებზეც. რეალურად, ასეც მოხდა, რადგან ბევრმა კომპანიამ, რომელიც სოციალურ ქსელში რეკლამებს ათავსებდა, Twitter-თან თანამშრომლობაზე უბრალოდ უარი თქვა. 2021 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდებოდა, კომპანიის შემოსავლის 90%-ს სწორედ რეკლამები შეადგენდა, მაგრამ მოგვიანებით, სარეკლამო შემოსავალი 40%-ით შემცირდა. ანალიტიკოსების შეფასებით, შემოსავლებთან ერთად, საგრძნობლად შემცირდა Twitter-ის პარტნიორი კომპანიების რაოდენობაც.

ამ ყველაფრის ფონზე, Twitter-ში ახალი ადამიანი - ლინდა იაკარინო გამოჩნდა, რომელიც ილონ მასკმა ტურბულენტურ ზონაში მყოფი კომპანიის დირექტორად დანიშნა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლინდა იაკარინო ძალიან ცნობილი და გავლენიანი ფიგურაა, რომელიც გასული თორმეტი წლის განმავლობაში პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის, NBCUniversal-ის გლობალურ სარეკლამო ბიზნესს ხელმძღვანელობდა. ამგვარად, Twitter-ის ახალი დირექტორის მთავარი მოვალეობა სწორედ გაქცეული პარტნიორების დაბრუნება და კომპანიის ოპერირების ახალი მოდელის სისწორეში მათი დარწმუნება გახდა.

აი, სწორედ ასე მივედით იმ ცვლილებებამდე, რომელთაც Twitter-ის მსგავსი სოციალური ქსელების ბაზარზე ბზარი და შესაბამისად, შესაძლებლობა გააჩინა, რომელიც მარკ ცუკერბერგის Meta-მ ფაქტობრივად მომენტალურად შეავსო. თუმცა იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა შესაძლებლობა გაჩნდა ბაზარზე, პირველ რიგში, უნდა ავხსნათ, თუ რა შეცვალა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ბიზნესმოდელში, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა.

თავისი არსით, Twitter-ი განცხადებები საჯარო პლატფორმა, ანუ განცხადებების ერთგვარი დაფაა, რომელიც ჩამოკიდებულია არა რომელიმე კორპუსის სადარბაზოში, არამედ ინტერნეტში. ამგვარად, Twitter-ის გამოყენება, წესით, ყველას უნდა შეეძლოს, თანაც ნებისმიერი ცივილური ფორმით. წლების განმავლობაში ეს მართლაც ასე იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დეცენტრალიზებული მმართველობის მიმართ პოპულარობის ზრდისა და ტერმინებსა და სოციალურ ნორმებს ჩაბღაუჭებული ახალი თაობის ფონზე, Twitter-ი ვერც ფინანსურად იქნებოდა წარმატებული და ვერც უკიდეგანო სოციალურ გავლენას მოიხვეჭდა. თუმცა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელთაც, შეიძლება ითქვას, Twitter-ი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დააყენა.

პირველი ცვლილება, რომელიც კომპანიაში ილონ მასკის გამოჩენას უკავშირდება, მომხმარებლის ვერიფიცირების მექანიზმის ცვლილება იყო, რომლითაც მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, ვერიფიცირებული ანგარიშის ლურჯი ნიშანი მიეღოთ არა ვერიფიკაციის, არამედ Twitter-ის ფასიანი სერვისის გამოწერის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ფულის სანაცვლოდ. ამ გადაწყვეტილებამ, პირველ რიგში, თაღლითები და ბოტები გააბედნიერა, რომელთაც ცნობილი ადამიანებისა და კომპანიების ფსევდოგვერდები შექმნეს. ამის ფონზე, Twitter-ზე გაჩნდა იესო ქრისტეს ოფიციალური გვერდი, ხოლო PepsiCo-ს ვერიფიცირებული გვერდი წერდა, რომ მის პროდუქტს Coca-Cola სჯობს. იქვე შეხვდებოდით აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის რამდენიმე ანგარიშს, რომლებიც ერთმანეთს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება/შერბილების თაობაზე ეკამათებოდნენ. უკიდეგანო ქაოსის ფონზე, ილონ მასკმა პლატფორმაზე ვერიფიკაციის ახალი მექანიზმი შემოიღო.

მოგვიანებით, ილონ მასკმა Twitter-ის პოლიტიკური მოდერაციის წესების მნიშვნელოვანი ცვლილება დაიწყო, რის გამოც, ერთ დღეს, საჯარო მედიასაშუალებებმა, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ ან არ ყოფილიყვნენ დაკავშირებულნი ამა თუ იმ სახელმწიფოსთან, Twitter-ის საკუთარ გვერდზე კონკრეტულ “სახელმწიფოსთან აფილირებული მედიასაშუალების” ნიშანი მიიღეს. ილონ მასკის ამ გადაწყვეტილების საპირწონედ, საჯარო მაუწყებლებმა Twitter-ის დატოვება გადაწყვიტეს. რამდენიმე კვირაში კი, ილონ მასკმა “სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალების” აღნიშვნა სოციალური ქსელიდან საერთოდ გააქრო, ისევე, როგორც წაშალა გვერდი, რომელიც ამ კლასიფიკაციის მნიშვნელობას ხსნიდა.

Twitter-ის კიდევ ერთი საფუძვლიანი ცვლილება, რომელიც კომპანიაში ილონ მასკის გამოჩენას უკავშირდება, მომხმარებლების ქცევის შეცვლას ეხება. საქმე ისაა, რომ ამ ცვლილების შემდეგ, ადამიანი, რომელიც Twitter-ზე რეგისტრირებული არ არის, პლატფორმაზე რეგისტრირებულ ანგარიშებს და მათ ტვიტებს უბრალოდ ვერ ხედავს. ამასთან, ილონ მასკმა დააწესა შეზღუდვა იმაზეც, თუ რამდენი ტვიტის ნახვა შეუძლია მომხმარებელს თითოეულ დღეს - ვერიფიცირებული მომხმარებლებისთვის, რაოდენობა ექვსი ათასი ტვიტით, არავერიფიცირებული მომხმარებლებისთვის კი - ექვსასი ტვიტით განისაზღვრა. ახალი მომხმარებლებისთვის დაწესებული შეზღუდვა კიდევ უფრო მძაფრი აღმოჩნდა, რადგან მათ მხოლოდ სამასი ტვიტის ხილვა შეეძლოთ. მოგვიანებით, ილონ მასკმა ეს გადაწყვეტილებაც შეცვალა და რიცხვები ათი ათასამდე, ათასამდე და ხუთასამდე გაზარდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ შეზღუდვებმა პლატფორმა დროებით უმართავი გახადა.

აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ Twitter-ის მომხმარებლების ზოგად კლასიფიკაციაზე და ავხსნათ, თუ როგორ აფასებენ სოციალურ ქსელს ის ადამიანები, რომლებიც მას არ იყენებენ. არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ბოლო წლებში, Twitter-ი ორი ძალიან ფართო კატეგორიის ადამიანების სოციალურ ქსელად იქცა. პირველ კატეგორიაში ე.წ. “კოსტიუმიანი ადამიანები” შედიან, ანუ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებიც სხვას ჭკუას არიგებენ, ანუ ე.წ. “ფსევდოექსპერტები”. მეორე კატეგორიაში კი, სხვადასხვა ნიშური ქვეკატეგორიის გულმხურვალე წარმომადგენლები შედიან - მათ შორის არიან, როგორც ე.წ. “კრიპტოძმები”, ასევე სხვადასხვა ტიპის თაღლითები, ტროლები, ბოტები და ადამიანები, რომლებიც ტოქსიკური გარემოს შექმნა სიამოვნებთ. ამასთან, Twitter-ს ფაქტობრივად არ იყენებენ GenZ-თაობის წარმომადგენლები, რომელთა საყვარელ სოციალურ ქსელად, ბოლო წლებში, Discord-ი იქცა. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ე.წ. “გიკები”, რომლებიც, ბოლო წლებში, Twitter-იდან ღედდიტ-ზე გადავიდნენ. ცხადია, Twitter-ზე ვერც Instagram-ინფლუენსერებს შეხვდებით.

ახლა კი, დროა Twitter-სა და Threads-ს შორის არსებული განსხვავებების განხილვაზე გადავინაცვლოთ. სხვადასხვა ინფორმაციით, Twitter-ს ყოველთვიურად 250 მილიონი ადამიანი იყენებს, რაც Threads-ის გამოჩენამდე, საკმაოდ დიდ რიცხვად ითვლებოდა. რეალურად, 250-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზის შეკრება არც თუ ისე მარტივი დავალებაა, ასე რომ Twitter-ის მომხმარებლების რაოდენობა ობიექტურადაც საკმაოდ დიდია. ამას, ცხადია, ემატება Twitter-ის ბრენდის ცნობადობა და ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში, სიტყვები “ტვიტერი”, “ტვიტი” და მათ შორის “თრედი”, ექსკლუზიურად Twitter-თან ასოცირდებოდა. ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანების ნაწილი ამტკიცებს, რომ Threads-ი Twitter-ს ვერასდროს დაჯაბნის, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის.

სოციალური მედიის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება - კრიტიკული მასაა, ანუ სამომხმარებლო ბაზის ის რაოდენობა, რომელიც პლატფორმის მდგრად ფუნქციონირებას შესაძლებელს ხდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Threads-ი გახდა პროდუქტი, რომელმაც კრიტიკულ მასას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 70 მილიონი მომხმარებელი Threads-მა არასრულ 48 საათში დააგროვა, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია. არაოფიციალური ინფორმაციით, Threads-ის რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ ას მილიონსაც გადააჭარბა, მაგრამ Meta-ს მესვეურებს ეს დეტალი ჯერ არ დაუდასტურებიათ. საინტერესოა, რომ 100-მილიონიანი ნიშნულის მისაღწევად, ChatGPT-ის ორი თვე დასჭირდა, TikTok-ს ცხრა თვე, Instagram-ს კი ოცდაათი თვე. თუმცა, ეს რიცხვები არაფერია, მაგალითად, Uber-თან შედარებით, რომელსაც ამისთვის სამოცდაათი თვე დასჭირდა. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ეტაპზე, Threads-ი გაშვებული არ არის ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე, სადაც Instagram-ი ძალიან პოპულარულია. 

მომხმარებელთა კრიტიკული მასის გარდა, Threads-მა თავდაყირა დააყენა Twitter-ის ბრენდის ცნობადობის ფენომენიც. საქმე ისაა, რომ Threads-ი რიგითი სტარტაპის მიერ შექმნილი ცალკე მდგომი პლატფორმა კი არ არის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, Meta-ს შვილობილი პროდუქტია, რომელიც, თავის წილ, აერთიანებს, როგორც Instagram-ს, ასევე Facebook-სა და WhatsApp-ს. საინტერესოა ისიც, რომ ზემოხსენებული პლატფორმებიდან, Threads-ი დაუკავშირდა სწორედ Instagram-ს - სოციალურ ქსელს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამართულ პლატფორმად ითვლება. მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, რომელიც Threads-მა არსებობის პირველ დღეებში დააგროვა, ცხადია, დიდწილად, სწორედ Instagram-თან ბმას უკავშირდება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დიდი პლუსიცაა, რომელიც Meta-ს პროდუქტების ეკოსისტემურობას განვითარების შემდეგ საფეხურზე აიყვანს. Instagram-თან ინტეგრაცია კარგია იმითაც, რომ Threads-ზე დასარეგისტრირებლად ადამიანებს მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდებათ.

ისე, სადაც ამდენი ვისაუბრეთ ეკოსისტემურობაზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ მიდგომას თავად Twitter-იც მისდევს, რომელიც ილონ მასკმა X Corporation-ად გადააკეთა. თავის დროზე, როცა კომპანიამ მფლობელი შეიცვალა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ისეთი აპლიკაციის შექმნა სურდა, რომელიც ყველაფერს გააერთიანებდა - ასეთ აპლიკაციას სუპერ აპი ჰქვია და მისი პრეცედენტი საქართველოშიც გვაქვს. თუმცა, საქმე ისაა, რომ ის, რასაც ილონ მასკი ახლა იწყებს, Meta-მ ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. სწორედ ეკოსისტემურობის განვითარება იყო Instagram-ის, მერე კი WhatsApp-ის შესყიდვის მიზეზი და რეალურად, მეტავერსის განვითარებაც სწორედ ამ პროექტის განვითარებას უკავშირდება. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აპლიკაციების გარდა, Meta აპარატულ უზრუნველყოფასაც აწარმოებს და დიდ ფულს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაშიც დებს.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც Twitter-ის ენთუზიასტები Threads-ის წინააღმდეგ იშველიებენ, Twitter-ის უკიდეგანო ძალაუფლებას გულისხმობს. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს სჯერათ, რომ Twitter-ის მასშტაბურობა მას კრახისგან იცავს. ინგლისურად, ეს არგუმენტი ასე ჟღერს: “Twitter is too big to fail”. ამ არგუმენტის ხსენებაზე ერთი ჩაფლავებული სოციალური ქსელის, MySpace-ის მაგალითი მახსენდება, რომლის შესახებ, ჩვენმა ახალგაზრდა მკითხველებმა, შესაძლოა, საერთოდ არაფერი იცოდნენ. თავის დროზე, 2007 წელს, MySpace-ს 300 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა, რაც იმ დროინდელი მასშტაბებით კოლოსალურ, უბრალოდ ენით აღუწერელ რაოდენობად ითვლებოდა. ეს რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ არავის წარმოედგინა, რომ პლატფორმა კრახს განიცდიდა. თან, MySpace-ი არც ახალი ამბების ეპიცენტრიდან ამოდიოდა, რადგან ჯერ, კომპანია ამერიკელმა მედიამაგნატმა, რუპერტ მერდოკმა $580 მილიონად შეიძინა, ხოლო შემდეგ, Google-მა პლატფორმაზე რეკლამების გაყიდვის უფლებისთვის $900 მილიონი გადაიხადა. იმ დროს, მოგეხსენებათ, ეს ფული გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე დღეს. თუმცა მოგვიანებით, მარკ ცუკერბერგმა Facebook-ი შექმნა და MySpace-ი ისევე ჩაბარდა წარსულს, როგორც, მაგალითად, Skype-ი.

ახლა კი, Twitter-სა და Threads-ს შორის არსებულ განსხვავებებს დავუბრუნდეთ. პლატფორმებს შორის მთავარი განსხვავება, უდავოდ აგებულება და ალგორითმია, რადგან Twitter-ისგან განსხვავებით, Threads-ში ადამიანები ხედავენ არა უახლეს პოსტებს, არამედ იმათ, რომლებიც ალგორითმის აზრით, მათთვის ყველაზე რელევანტურია. ამგვარი მიდგომის უარყოფითი მხარე ისაა, რომ სანამ Threads-ის ფიდი ქრონოლოგიურად არ გადაეწყობა, პლატფორმა ვერასდროს იქცევა ახალი ამბების მთავარი წყაროდ, როგორც ეს Twitter-ის შემთხვევაში ნამდვილად არის. ამასთან, Threads-ში ჯერაც არ არის ძებნის ფუნქცია, მაგრამ პლატფორმაზე ისეთი ანგარიშების პოსტებიც ჩანს, რომელთა გამომწერი არ ხართ, როგორც, ეს Instagram-ის ძებნის მოდულშია.

Threads-ის ფიდის არაქრონოლოგიურობას აქვს დადებითი მხარეც - ის ფაქტი, რომ მომხმარებლები ალგორითმის მიერ შერჩეულ კონტენტს ხედავენ, ამცირებს პოლარიზაციის რისკს და სოციალურ ქსელს მეტად კომუნალურს და ნაკლებად ტოქსიკურს ხდის. ასე ფიქრობს მარკ ცუკერბერგიც, რომლის თქმით, სოციალური ქსელი ასე სპეციალურადაა მოწყობილი: “ჩვენი მიზანია, Threads-ი რაც შეიძლება უფრო მეგობრულ პლატფორმად დარჩეს… ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ განვითარდა Twitter-ი ისე, როგორც უნდა განვითარებულიყო. ჩვენ, განსხვავებული მიდგომა გვაქვს”.

ამასთან, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ Threads-ის აგებულებაზეც, რომელიც ძალიან მინიმალისტური, მარტივი და ინტუიციურია. ამასთან, დიზაინი ძალიან მიმზიდველი, თანამედროვე და ესთეტიკურად სასიამოვნოა, როგორც სამომხმარებლო ინტერფეისის, ასევე სამომხმარებლო გამოცდილების კუთხით. თუმცა, სულ მცირე ერთი დეტალი, რომელსაც ამ ეტაპზე ვისურვებდი, პლატფორმაზე GIF-ების დამატებაა. ამასთან, ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვათ იმასაც, რომ Threads-ზე სურათები ძალიან კარგი ხარისხით იტვირთება.

დღეს, Threads-ზე ძირითადად ოთხი კატეგორიის ადამიანებს შეხვდებით:

1. Instagram-ინფლუენსერებს, რომლებმაც უეცარი პოპულარობა ტექსტუალურ სოციალურ ქსელშიც მოიპოვეს, მაგრამ არ იციან, ის როგორ უნდა გამოიყენონ;

2.კომპანიებს და მათ სოციალური მედიის მენეჯერების, რომლებსაც არ უნდათ, გლობალურ ტრენდს ჩამორჩნენ;

3. ადამიანებს, რომლებმაც Twitter-ის ტოქსიკურ გარემოზე უარი თქვეს და Threads-ზე გადაინაცვლეს;

4. ადამიანებს, რომლებსაც Threads-ი კი აქვთ, მაგრამ მისი გამოყენება ან რაობა ჯერაც ვერ გაუგიათ.

პირველ დღეს, სხვათა შორის, Threads-ზე სწორედ მეოთხე კატეგორიის ადამიანების პოსტები ჭარბობდა, რომლებიც ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა სახის სოციალური ქსელია Threads-ი და რა უნდა გააკეთო, რომ იქ პოპულარული გახდე. ამასთან, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ Twitter-ისგან განსხვავებით, Threads-ს აქვს შესაძლებლობა GenZ-ის ერთ-ერთ საყვარელ სოციალურ ქსელად იქცეს.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჯერ, Threads-ის გამოყენება მხოლოდ სმარტფონით შეიძლება, რაც დღეს, ძალიან დიდი მინუსია. ამასთან, Threads-ში ვერ შეხვდებით ჰეშთეგებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პლატფორმის ალგორითმულობას, მაგრამ ართულებს კონკრეტული შინაარსის მქონე განცხადებების პოვნას. ამასთან, Threads-ში არ არის ბევრი ის შეზღუდვა, რომელიც ილონ მასკმა Twitter-ში ბოლო დროს შემოიღო, მათ შორის პოსტების ნახვაზე დაწესებული ლიმიტი, რასაც დადებითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი.

ისე, სადაც საუბარი Threads-ის უარყოფით მხარეებზე ჩამოვარდა, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პირველი ეჭვი, რომელიც ადამიანს ამ პლატფორმასთან მიმართებით შეიძლება გაუჩნდეს, უდავოდ პირადი მონაცემების დაცვას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ Threads-ი Instagram-ს მიბმულია არამხოლოდ შინაარსობრივად, არამედ ფიზიკურადაც და მომხმარებელს Threads-ის ანგარიშის გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ Instagram-საც გააუქმებს. ამასთან, პლატფორმაზე არ არსებობს დახურული პირდაპირი კომუნიკაციისთვის განკუთვნილი ჩატი, რაც მიგვანიშნებს, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლებმა, ალბათ, Instagram-ში უნდა გადაინაცვლონ.

აქვე, სულ მცირე ერთი აბზაცი აუცილებლად უნდა დავუთმოთ დეცენტრალიზაციას, რომელიც, როგორც ჩანს, Threads-ის სამომავლო ვერსიების ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება. რეგისტრაციისას, Threads-ის თითოეული მომხმარებელი ხედავს შეტყობინებას, რომ მალე, სოციალური ქსელი ფედივერსის ნაწილი გახდება, ანუ გაეშვება ისეთ პლატფორმაზე, რომელსაც მესამე კომპანიები ფლობენ, მაგრამ ერთ დეცენტრალიზებულ პროტოკოლზე ამუშავებენ, რაც სხვადასხვა აპლიკაციების მომხმარებლებს ერთმანეთს კომუნიკაციას გაუმარტივებს. დღეს, ამ სფეროს წამყვან კომპანიად Mastodon-ი ითვლება, რომელიც შინაარსობრივად, Threads-ის და Twitter-ის კონკურენტია. მარტივად რომ ვთქვათ, Threads-ის მიზანია, რომ მომავალში, Threads-ის მომხმარებლებმა Mastodon-ის და, ცხადია, სხვა პლატფორმების მომხმარებლებთან კომუნიკაცია Threads-იდან გაუსვლელად შეძლონ.

დაჯაბნის თუ არა მარკ ცუკერბერგის Threads-ი ილონ მასკის Twitter-ს - დროის საკითხია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ Instagram-თან სპეციალური კავშირის დამყარებით, მარკ ცუკერბერგმა კრიტიკული მასის შესაგროვებლად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გადადგა. ამასთან, Threads-ი გამართულად მუშაობს გაშვების პირველი დღიდან, რაც მინიმალისტურ დიზაინთან და დახვეწილ სამომხმარებლო გამოცდილებასთან ერთად, სოციალური ქსელის გამოყენებას სასიამოვნოს ხდის. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე, მარკ ცუკერბერგი პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი იყო, რომელმაც მილიარდი დოლარი სწორედ სოციალური ქსელის შექმნით შეაგროვა.

დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ, გადაინაცვლებს თუ არა მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ბრძოლა ინტერნეტს მიღმა და მართლა შეერკინებიან თუ არა ისინი ერთმანეთს რინგზე. მანამდე კი, Threads-ის მიღწევების შესაფასებლად რაღაც დრო უნდა გავიდეს, რათა რეგისტრირებული მომხმარებლები ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლებისგან გავარჩიოთ და გავიგოთ, მიაღწევს თუ არა Threads-ი იმ მიზანს, რომლის მიღწევა სურს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები