მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-მ კერძო თვითმფრინავებზე დაკვირვების გვერდები წაშალა

ჯეკ სვინი

Instagram-მა და Threads-მა ფლორიდელი სტუდენტის, ჯეკ სვინის ანგარიშები დაბლოკა, რაც ნიშნავს, რომ მდიდარი ადამიანების გადაადგილების მარშრუტის გაგება და მათი კერძო თვითმფრინავების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობის შესწავლა, ამიერიდან, საგრძნობლად გართულდება. როგორც Meta-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს გვერდები კომპანიის პირადი მონაცემების პოლიტიკას უგულებელყოფდნენ და შესწავლილ ადამიანებს ფიზიკური საფრთხის წინაშე აყენებდნენ.

სოციალური ქსელების მფლობელი კომპანიის გადაწყვეტილებას თავად ჯეკ სვინი გამოეხმაურა, რომელმაც ეს დღე 2022 წლის 15 დეკემბერს შეადარა, როცა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-იდან ის ანგარიში წაშალა, რომელიც მისი გადაადგილების მარშრუტს აკვირდებოდა. საინტერესოა, რომ მანამდე, ილონ მასკი ჯეკ სვინის დაუკავშირდა და ანგარიშის წაშლის სანაცვლოდ $5,000 შესთავაზა, მაგრამ სტუდენტმა უარი განაცხადა. ერთი წლის შემდეგ, ჯეკ სვინიმ გაფრთხილება ტეილორ სვიფტის იურისტებისგანაც მიიღო.

ილონ მასკის და ტეილორ სვიფტის გარდა, ჯეკ სვინი მარკ ზაკერბერგის, კიმ კარდაშიანის, ბილ გეიტსის, ჯეფ ბეზოსის და კაილი ჯენერის გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა და ინფორმაციას სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის, რადგან მანამ, სანამ პროცესში Meta ჩაერთვებოდა, ამ წამოწყებას, გარკვეულწილად, ბოლო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუღო. 2024 წლის მაისში, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კერძო თვითმფრინავების მფლობელებს სარეგისტრაციო მონაცემების დამალვის უფლება მისცა.

როგორც ჯეკ სვინი ამბობს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მდიდარი ადამიანების გადაადგილების მარშრუტის გაგება და მათი კერძო თვითმფრინავების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობის შესწავლა გართულდა, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია, მათ შორის სხვა ენთუზიასტებისგან მიღებული ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები