მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Threads - Twitter-ის ანალოგი Meta-სგან, რომელიც 6 ივლისიდან ჩაეშვება

64a50d3a3b9b6
გიორგი არონია
05.07.23 10:39
897

ბოლო წლებში, სოციალური ქსელების ინდუსტრიაში რამდენიმე სიღრმისეული ძვრა მოხდა, რომელმაც ამ ინდუსტრიის განვითარების ვექტორი შეცვალა. ამ ტრენდის უმთავრესი მამოძრავებელი ჩინური TikTok-ი გახდა, მაგრამ ამასთან, არ დააყოვნა ამერიკულმა Twitter-მაც, რომელიც, ბოლო წლებში, ამერიკელების საყვარელ სოციალურ ქსელად იქცა, არამხოლოდ საკომუნიკაციოდ, არამედ ინფორმაციის გასაზიარებლად და ახალი ამბების მოსასმენად.

Twitter-ის მოდელის წარმატებული ფუნქციონირებისა და კომპანიაში არსებული ქაოსის ფონზე, Twitter-ის ანალოგის შექმნა მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Meta-მაც გადაწყვიტა, რომელიც ამასთან, Facebook-სა და Instagram-საც ფლობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Meta-ს Threads-ი App Store-სა და Google Play Store-ში 6 ივლისს ჩაეშვება, მაგრამ აპლიკაციის წინასწარ გადმოწერა, ახლაც შეიძლება.

Threads-ის App Store-ში გამოქვეყნებულ აღწერაში ვკითხულობთ:

“თქვი მეტი Threads-ით - Instagram-ის ტექსტუალური საკომუნიკაციო პლატფორმით.

Threads-ი არის პლატფორმა, რომელზეც ადამიანები განიხილავენ ყველაფერს, იქნება ეს თემები, რომლებიც ყველაზე მეტად ადარდებთ, თუ საკითხები, რომლებიც ყურადღების ცენტრში ხვალ მოექცევა. რა თემაც არ უნდა გაინტერესებდეთ, შეგიძლიათ საერთო ინტერესების მქონე საყვარელ კრეატორებს პირდაპირ დაუკავშირდეთ ან მიმდევრები თავად მოიკრიბოთ, რომელთაც იდეებსა და მოსაზრებებს გაუზიარებთ”.

განცხადება, რომელიც აპლიკაციას თან ახლავს, მსგავსია ორივე მარკეტფლეისის შემთხვევაში. მცირე აღწერის გარდა, Meta-მ გამოაქვეყნა Threads-ის ვიზუალის რამდენიმე სურათიც, სადაც ჩანს, რომ აპლიკაციაში შესვლას მომხმარებლები Instagram-ის სახელით, ანუ ჰენდლით შეძლებენ, რის მერეც, აპლიკაცია მათ Instagram-ში არსებული გამომწერების გამოწერის ფუნქციონალს შესთავაზებს. Threads-ის ტექსტის გაზიარების ფუნქციონალი ინდუსტრიის სტანდარტის შესაბამისია და ვიზუალურად, Twitter-ს, Mastodon-სა და Bluesky-ს ჰგავს.

აქვე უნდა ითქვას, რომ Threads-ის ჩაშვებას Twitter-ში არსებული რამდენიმედღიანი ქაოსი უძღოდა წინ. გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილებით, ამიერიდან, ადამიანები, რომლებიც Twitter-ზე დარეგისტრირებული არ არიან, ტვიტებს ვეღარ ნახავენ. ამასთან, ილონ მასკმა ლიმიტი დააწესა იმ ტვიტების რაოდენობაზეც, რომელსაც თითოეული მომხმარებელი დღის განმავლობაში ხედავს, რის გამოც, აპლიკაცია, ფაქტობრივად, გაჩერდა კიდეც.

ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ, შესაძლოა, მსოფლიომ ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის დაპირისპირება ინტერნეტს გასცდეს, რადგან, რამდენიმე კვირის წინ, მილიარდერებმა ერთმანეთი ხელჩართულ ბრძოლაში გამოიხმეს. იმ შემთხვევაში თუ ბრძოლა მართლაც შედგა, ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული დაპირისპირება იქნება, რადგან მასკისა და ცუკერბერგის ქონების საერთო შეფასება 335 მილიარდ დოლარს აღემატება.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები