"ავირჩიოთ - ან ვაქცინაცია-პირბადის გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და ხელახლა მოგვიწევს შეზღუდვა-ლოქდაუნების დაწესება" - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ის ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
„სიტუაცია მცირედ დასტაბილურდა, თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება; ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომელსაც რამდენიმე მიზეზი აქვს: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინა უწყვეტად შემოდის, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, სკეპტიციზმია და მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება. ასევე ხალხი გათამამდა, აღარ იცავს რეგულაციებს, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 42%-ზე ჩამოვიდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველო დღეს გზაგასაყარზე დგას, ორიდან ერთი გზა უნდა აირჩიოს: პირველი - უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ და ერთვება სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში; პარალელურად, ვაფართოებთ პირბადეების ხმარებას, სოციალურ დისტანცირებას და უარს ვამბობთ ხალხმრავალ შეკრებებზე - ეს არის კარგი პერსპექტივა. ამის საწინააღმდეგო, მეორე გზაა, რომელსაც ახლა ვადგავართ ანუ გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ და სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ვატარებთ.
„მივმართავ მოსახლეობას, ვაქცინაციაზე უარის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობს; „ასტრაზენეკა“ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინაა. ყველაზე მკაცრმა მარეგულირებლებმაც აღიარეს ეს. ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირი აიცრა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრი აიცრნენ. მეტი რა გავაკეთოთ?!
არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს და კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობისგან, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ფიტნეს დარბაზში სიარულში, მაღაზიებში სიარულში და მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე. ან ავირჩიოთ ვაქცინაცია-პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და ხელახლა მოგვიწევს შეზღუდვა-ლოქდაუნების დაწესება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე მსოფლიოში არსებული რთული ვითარებაც მიმოიხილა და განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შემთხვევების მატებაა და შეზღუდვები მკაცრდება.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ევროპა და ამერიკა მესამე ტალღის მოლოდინშია.