მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებლებმა მოსწავლეებს დავალებები ყველა საშუალებით, მათ შორის ტელეფონით უნდა მისცენ

5e834f275b874
ინგა მურუსიძე
31.03.20 18:13
1272

მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მოსწავლეებს დავალებები ყველა საშუალებით, მათ შორის ტელეფონით მისცენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოქმედებს. დადგენილებაში რამდენიმე პუნქტს მოიცავს:

სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ (შემდგომში – „ტელესკოლა“), დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის  შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია  „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის  შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს  მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას,  მათ შორის,  სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან.

სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი.

სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს  კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში,  უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს.