მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთაში მოქმედ მორატორიუმში ცვლილებები შევიდა - რა მარტივდება მოსახლეობისთვის?

5e1c97a11ef3f
დავით ჯალაღონია
13.01.20 21:59
3155
მთავრობის დადგენილებით, მცხეთაში განაშენიანებასა და მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მოქმედი მორატორიუმი ისევ გახანგრძლივდა, ამჯერად - 2020 წლის 1 ივლისამდე. გარდა ამისა, მორატორიუმში ცვლილებები შევიდა.

როგორც BM.GE-ს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებით, უახლოეს პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობით სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლიც კონკრეტულ პროექტებს განიხილავს და გადაწყვეტს, მაგალითად, რომელიმე ინვესტორს, ან ადგილობრივ მაცხოვრებელს შეეძლება თუ არა ახალი ობიექტის მშენებლობა, რეაბილიტაცია და სხვა სახის სამუშაოები.

"უკვე ფორმირებულ არეალში, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, აქვთ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, ქუჩები, იქ მიეცემათ მშენებლობის უფლება, გარკვეული რეგულაციებით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პროფესიულმა საბჭომ უნდა მიიღოს და არა - მხოლოდ მუნიციპალიტეტმა, თუმცა მუნიციპალიტეტიც იქნება ამ საბჭოში წარმოდგენილი, რომლის წევრები ასევე იქნებიან არქეოლოგები, ლანდშაფისტები, ურბანისტები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები.

ეს ცვლილებები მორატორიუმში შევიდა, მაგრამ ესეც პირდაპირ კავშირშია გენერალურ გეგმასთან, რადგან ზონირება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ ჯგუფის ვალდებულების და ზონირება აუცილებელია, რომ ამ საბჭოს ფორმატში ამუშავდეს და იყოს ქმედითი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება მცხეთის გენგეგმას, ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფთან დეპუტატს შენიშვნები აქვს.

"ჯერჯერობით მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დოკუმენტის მთავარი საზიანო არის ორმაგი სტანდარტები და გარკვეული ლობიზმი მხოლოდ კერძო ინტერესებისა, ქალაქის განვითარებაზე კი თითქოს დოკუმენტში ნათქვამი არაფერია", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში, მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს სხდომას ესწრებოდა.

ამ საბჭოს წევრებმა ის შენიშვნები ჩამოწერეს, რაც მათ გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია "აქოლისთან" აქვთ. საბჭოს წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ გენგეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ჯერ დამკვეთისთვის, ამ შემთხვევაში მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, მეორე ეტაპის დოკუმენტაციაც არ ჩაუბარებიათ.

კერძოდ, როგორც მუნიციპალიტეტის საბჭოში აცხადებენ, ისინი არ ეთანხმებიან "აქოლისის" მოსაზრებებს, პირველ რიგში, ქალაქის ტურისტული განვითარების საკითხებზე. ხუნდაძე, "აქოლისის" მიერ მომზადებულ კონცეფციაში კერძო სექტორის ლობირების ნიშნებსაც ხედავს, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და ამბობს, რომ "იუნესკოს" ექსპერტებთან დღემდე ჩატარებული სამუშაო დეტალურად განხილული არ ყოფილა.

BM.GE გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციას დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელიც მივლინებაშია და მის პასუხებს, უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 2015-2017 წლებში მცხეთის გენგეგმაზე ორგანიზაცია "სალი 2011" მუშაობდა, თუმცა ადგილობრივმა საკრებულომ და "იუნესკომ" დოკუმენტი დაიწუნეს, შესაბამისად გადახდილმა 160 ათასმა ლარმა შედეგი არ მოიტანა. ახალი ტენდერით შერჩული ორგანიზაცია "აქოლისი" კი სამუშაოებისთვის მილიონ 800 ათასი ლარის მიღებას ელოდება.