მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.
როგორც BM.GE-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გენერალური გეგმების მომზადების საკითხებს კურირებს, მცხეთისთვის კომპანია "აქოლისის" მიერ შედგენილი დოკუმენტი მუნიციპალიტეტს გასულ წელს გადაეგზავნა.
თავის მხრივ, "აქოლისში" ადასტურებენ, რომ გენგეგმის კონცეფცია მცხეთის მუნიციპალიტეტს განსახილველად გასული წლის აპრილში გადაუგზავნეს.
იმის გასარკვევად, რატომ არ დაამტკიცა მცხეთის საკრებულომ კონცეფცია ამ დრომდე, BM.GE საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ორ საკითხზე გენგეგმის ავტორებთან ვერ თანხმდებიან. ეს არის ქალაქში გასხვისებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის უფლება და მცხეთის შემოსასვლელებთან კარიბჭეების განთავსება, რასაც გენგეგმის კონცეფცია ითვალისწინებს. კარიბჭეები შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც მოიაზრებს. ნაკვეთებს რაც შეეხება, მოსახლეობის ნაწილს ტერიტორიები აქვს ასევე, სამთავროს მონასტრის მიმდებარედ, სადაც მშენებლობა იუნესკოს (გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) წესებითაც დაუშვებელია.
"დასაბუთებულად გვაინტერესებს, რატომ არ შეიძლება იქ განაშენიანება, სადაც მოსახლეობას ნაკვეთები აქვს, ზოგს ნაყიდი აქვს, ზოგს - აუქციონზე შეძენილი, როგორც საკარმიდამო ნაკვეთები და ამაზე მიდის დისკუსია", - განაცხადა გიორგი ელოშვილმა.
კითხვაზე - დისკუსია მიდის თუ არა სამთავროს მონატრის მიმდებარე ტერიტორიებზე გასხვისებულ მიწის ნაკვეთებზე, პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამ კონცეფციის შეუთანხმებლობის მიზეზი მხოლოდ ეს ტერიტორია არ არის.
"მარტო სამთავროს მიმდებარედ არა, მუხათგვერდისა და ზაჰესის დასახლებაშიც არის რაღაც ტერიტორიები, სადაც მოსახლეობას აქვს საკუთრებაში. ზოგადად, ეს ნაკვეთები წინა მთავრობის დროს ზოგი აუქციონით აქვს მოსახლეობას ნაყიდი, ზოგი დარიგებულია რეფორმით, როგორც საკარმიდამო ნაკვეთები და ამაზეა საუბარი", - აღნიშნა მან.
გიორგი ელოშვილმა მცხეთის კარიბჭეების იდეაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, კონცეფცია ქალაქის შესასვლელებთან გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს.
"ჯგუფმა წარმოადგინა მცხეთის შემოსასვლელებში კარიბჭეების განთავსების იდეა. "ჯვრის კარიბჭე", "ნატახტრის კარიბჭე" , სადაც ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და პარკირების წესით მოხდეს ქალაქში შესვლა და ამასთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა. ჩვენ ამ კარიბჭეების თემა სხვანაირად გვაქვს წარმოდგენილი", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
კონცეფციაში მცხეთის "ტურისტული კარიბჭეები" შემდეგ ტერიტორიებზეა მოაზრებული:
რა წერია მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში სამთავროს მონატრის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების სამომავლო დანიშნულებაზე?
"მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კანონიერი უფლებების დასაკმაყოფილებლად და მიწის ნაკვეთების გაცემა-რეგისტრაციის გაუაზრებელი, წინდაუხედავი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა:
- სახელმწიფო/მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სამონაცვლეო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისთვის შეთავაზება - როგორც მცხეთაში, ისე სხვა ადგილებში;
- მიწის საბაზრო ფასებში გამოსყიდვის შეთავაზება".
ამ ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვის მიღება იყო სწორედ ის ერთ-ერთი გადაულახავი საკითხი, რის გამოც მცხეთის გენგეგმის შექმნის წინა მცდელობა, 2015 წელს უშედეგოდ დასრულდა. ნამუშევარი მუნიციპალიტეტმა დაიწუნა. იმ დროისთვის დოკუმენტზე ქალაქმგეგმარებელი მერაბ ბოლქვაძე (თბილისის გენგეგმის თანაავტორი) მუშაობდა, რომელიც განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში განაშენიანება დაუშვებელია და ამ საკითხის მოგვარების ორი გზა არსებობს.
"გნებავთ, ადრინდენლი სამუშაოების შესრულების დროს, როცა მე მომიხდა სამუშაოებში მონაწილეობა და გნებავთ ახლაც, პრობლემა არ შეცვლილა. პირველი, რაც უნდა აღვნიშნო - მცხეთა ისტორიული, ეკლესიური ქალაქია და მას არ აქვს ტერიტორიული განვითარების რესურსი. იცით, რომ ის არაგვისა და მტკვრის ხეობაშია. ლანდშაფტის გაფუჭება, ათვისება მიუღებელი და შეუძლებელია. ტერიტორიული რესურსი ძალიან ცოტაა, მაგრამ ისევ როგორც ყველა სხვა ქალაქში, ნაკვეთები გაცემულია იქ, სადაც მშენებლობა არ შეიძლება. იქ, სადაც გაცემულია ნაკვეთები, ეს გახლავთ არასამშენებლო ტერიტორიები, განსაკუთრებით ფიქრის გორა (სამთავროს მონატრის მიმდებარე ტერიტორია). იქ არის სამაროვანი, ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგია, შეუსწავლელი. იქ მშენებლობა არ შეიძლება და არის მოსაზრება, რომ ღია სახით იყოს ეს ტერიტორია.
ეს არის სამთავროს მონასტრის მიმდებარე სივრცე. ძირითადად, ეს აწუხებთ მცხეთელებს - იქ აქვთ ნაკვეთები, ზოგს სამართლიანად, ზოგს რა ვიცი, რა გზით, მაგრამ არის იქ ნაკვეთები, სადაც განაშენიანება სურთ. ზოგს სესხი აქვს აღებული, ზოგმა უძრავი ქონების სახით დაიმაგრა, მაგრამ იქ მშენებლობა იუნესკო-ს მოთხოვნებითაც დაუშვებელია ამიტომ არის ორი გზა: ან მონაცვლეობა, რომლის რესურსი მცხეთას ძალიან ცოტა აქვს და მეორე - გამოსყიდვა.
იმისათვის, რომ მცხეთა - ჯვარი, სამთავრო, სვეტიცხოველი შენარჩუნებული იქნას, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ერთადერთი ნაბიჯი, ყველა აზრის შეჯერების შემდეგ, გახლავთ გამოსყიდვა, განსაკუთრებით ამ არეალის ტერიტორიის. ამ თვალსაზრისით უნდა დაეხმაროს ამ საპროექტო ჯგუფს ქალაქიც და ქვეყანაც, რადგან თუ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გავაუბედურებთ, ის იმ წუთში ამოვარდება ამ სიიდან. ქვეყანას ალბათ ურჩევნია, რომ გამოისყიდოს ეს ტერიტორიები. ეს ყველაზე სწორია. სხვა გზა არ არსებობს, სწორედ ამიტომაც არის, რომ საკრებულოა ეს, თუ ქალაქის ხელმძღვანლობა, მათ სურთ მოქალაქეებს დაუჭირონ მხარი, მაგრამ მეორე მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ფუჭდება", - განმარტა მერაბ ბოლქვაძემ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ საკითხებზე, თებერვალში გენგეგმის ავტორებთან შეხვედრა იგეგმება, სადაც, სავარაუდოდ, გაირკვევა, მოსაწონი იქნება თუ არა დოკუმენტი მუნიციპალიტეტისთვის. გიორგი ელოშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გენგეგმის კონცეფცია, რაც მიწათსარგებლობის მასალების მთავარი შინაარსობრივი ნაწილია, საკრებულომ დაამტკიცა, შემდეგი ეტაპის დოკუმენტებზე შეთანხმებას მხარეები უფრო მარტივად შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენის პირველ მცდელობაზ 160 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. მეორე მცდელობა კი მილიონ 800 ათასი ლარი ჯდება.