რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის სახელმწიფო შესყიდვები გამოაცხადა. პარალელურად, უწყების ინფორმაციით, ახალი სკოლამდელი დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოების ეტაპი იწყება მცხეთის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ლანჩხუთის პროექტები ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build (დაპროექტება-მშენებლობა) მეთოდით განხორციელდება, რაც გულისხმობს ტიპური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება-მიბმასა და სამშენებლო სამუშაოების სრულ ციკლს:
სოფელ შრომისუბანში - 50 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი მე-3 ქუჩა №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 608 409 ლარია.
სოფელ ჯურუყვეთში - 50 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი მე-2 ქუჩა №45-ში მდებარე ტერიტორიაზე აშენდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 2 421 830 ლარი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა 15 კალენდარული თვეა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს კიდევ სამ მუნიციპალიტეტში:
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში - აშენდება 200 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში - 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში - 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი.
როგორც უწყებაში ამბობენ, ყველა ობიექტზე ინფრასტრუქტურა და აღსაზრდელთა საჭიროებებისთვის აუცილებელი სივრცეები საერთაშორისო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა; პროექტების განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი, ენერგოეფექტური და ბავშვზე მორგებული სკოლამდელი საგანმანათლებლო გარემოთი ისარგებლებს.
























