მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედიქალ ლაინ ჯორჯიას" წარმატებული სტარტი

5dc7ef4bb1405
სალომე ჭიპაშვილი
10.11.19 15:02
1544
„მედიქალ ლაინ ჯორჯია“ ბაზარზე 7 თვეა რაც გამოჩნდა. ეს არის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სამედიცინო ტექნიკასა და პროდუქტებს სთავაზობს. პროდუქციის იმპორტი საქართველოში ძირითადად აშშ-დან, იტალიიდან, კორეიდან და ჩინეთიდან ხორციელდება.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი შოთა სეფიშვილი bm.ge-ისთან ყვება, პროფესიით სტომატოლოგია და უკვე 8 წელია სამედიცინო სფეროში საქმიანობს, თუმცა საკუთარი ბიზნესი მოულოდნელად დაიწყო და წარმატებამაც არ დააყოვნა.

„2019 წლის 1 აპრილიდან, მთელი ძალებით შევუდექით მუშაობას და უკვე აგვისტოს დასაწყისში, დავდეთ ძალიან კარგი შედეგი. 4 000 ლარით დაწყებულმა შრომამ, კომპანია 100 000 ლარიან ბრუნვაზე აიყვანა. ამასთან, გავიჩინეთ ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, დავმეგობრდით ბევრ კლინიკასთან და დღითიდღე საქმეც გვემატება”, - აცხადებს შოთა სეფიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი გაჯერებულია მსგავსი სერვისული კომპანიებით, „მედიქალ ლაინ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი თვლის, რომ მათ ბევრად მეტი უპირატესობა აქვთ.

„უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი მომხმარებელი სასურველ პროდუქტს ადგილზე 10 დღეში იღებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. ეს არის ძალიან სერიოზული კონკურენცია სხვა კომპანიებისთვის. ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებულები და თან ყველაზე სწრაფები, ამისთვის სპეციალური მეთოდიკა შევიმუშავეთ, რომელსაც ამ ეტაპისთვის საიდუმლოდ დავტოვებ”, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

თუმცა, რაც საიდუმლოდ არ დაიტოვა, გაყიდვების სტრატეგიაა. „მედიქალ ლაინ ჯორჯიას“ სტანდარტული გაყიდვების სამსახური არ გააჩნია. შოთა სეფიშვილი ამბობს, რომ „ძირითადად facebook- მარკეტინგზე არიან მომართულნი” და კლიენტებსაც არ უჩივიან - „მზარდი მოთხოვნა კი, მუდმივად ბიზნესის გაფართოებაზე გვაფიქრებინებს“.

აღსანიშნავია, რომ 7 თვის ახალბედა „მედიქალ ლაინ ჯორჯია“ წელს „თიბისის ბიზნესდაჯილდოების“ ერთ-ერთი მონაწილეა. ნომინაციაში - „წლის საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“ დარეგისტრირდნენ.

„ამ პროექტის დაარსების დღიდან, დაჯილდოების მიმდინარეობას აქტიურად ვადევნებ თვალს. წელსაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით ჩვენს ნომინაციაში. ბევრად უფრო წარმატებული კომპანიებიც მონაწილეობენ, ვიდრე ჩვენ, თუმცა მოლოდინები მაინც პოზიტიური გვაქვს”, - აცხადებს შოთა სეფიშვილი.

კომპანიას „თიბისი ბანკთან“ სტანდარტული ბიზნესურთიერთობა ამ ეტაპზე არ აკავშირებს, თუმცა ამბობენ, რომ „თიბისის“ წამოწყება საუკეთესო საშუალებაა ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით სტარტაპებისთვის, რომ მათ შესახებ გაცილებით ფართო აუდიტორიამ გაიგოს.