მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიის უარის მიუხედავად, შესაძლოა, ინვესტორმა სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობა დაიწყოს

601d049cc4ef5
ინგა მურუსიძე
05.02.21 12:50
1516
"რადგან მერია გვეჭიდავება, გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სასტუმროს მშენებლობას დავიწყებთ", - ამის შესახებ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლმა გიორგი ზაქაიძემ დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ინვესტორს ამის სრული უფლება აქვს, რაც სასამართლოს ყველა ინსტანციის მხრიდანაა გამყარებული.

„თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, ქალაქის მერთან ჭიდაობა არ უნდა მიწევდეს. მათთან გვქონდა საუბარი ტერიტორიის გაცვლაზეც, შევთავაზეთ თანხა გადაეხადათ, მაგრამ დღემდე არაფერი კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. გარკვეული შემოთავაზებები იყო, თუმცა ეს იგივეა 20 მილიონიანი მიწის ნაცვლად რშემოგთავაზონ ავტოფარეხი რეგიონში, რომლიღაც სოფელში. მათ ადეკვატური შემოთავაზება არ გაუკეთებიათ; ამდენად, რადგან ისინი უსამართლოდ გვეჭიდავებიან, თუ რამდენიმე დღეში ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია ჩაიკეტება და ჩვენი მოსასვლელი გზა დაიკეტება, თუკი მოძრაობაში ხელს შეგვიშლიან, ავდგებით და ჩვენს ტერიტორიაზე მშენებლობას დავიწყებთ“, - განაცხადა ზაქაიძემ.

გარდა ამისა, ტერიტორიის მფლობელი ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად, მოაწყობენ გარკვეულ ტერიტორიებზე ღონისძიებებს და  ადამიანებს დაპატიჟებენ.

„საკუთრების უფლებას ვერ შეგვიზღუდავენ. არ გვინდა სახელმწიფოსთან საარბიტრაჟო დავაში შევიდეთ, მაგრამ თუ ეს გადავწყვიტეთ, ბიუჯეტს დიდ ზარალს მივაყენებთ. ამისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ თუ სხვა გზა არ გვექნება, ამ გზასაც მივმართავთ“, - განმარტა ზაქაიძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმით მერია რამდენიმე ადამიანის გულის მოგებას ცდილობს, თუმცა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა.

გიორგი ზაქაიძის განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ ეკუთვნით, არც ლანდშაპტური ზონაა და არც რაიმე სხვა სტატუსი აქვს ისეთი, რის გამოც სასტუმრო არ უნდა აშენდეს.

რაც შეეხება მერიის შეთავაზებას იმაზე, რომ კვლავ რესტორანი „ბუდაპეშტი“ აშენებულიყო, გოგა ზაქაიძემ თქვა, რომ ამაზე საუბარი დაიწყო, თუმცა რაიმე კონკრეტული შეთავაზება ან გადაწყვეტილება არ ყოფილა და საუბარიც შეწყდა.

ინფორმაციისთვის: თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება გადაწყვიტა. თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ვაკის პარკი დაიკეტება და ის განახლდება, თუმცა შეინარჩუნებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რაც იქ არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც 2013 წელს გაცემულია ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე. პროექტი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ამავე სახელობის კომპანიამ უნდა განახოციელოს, თუმცა თბილისის მოქმედი ხელმძღვანელობა ამაზე უარს აცხადებს. მოლაპარაკებები უკვე ორი წელია გრძელდება, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, ის ჩიხშია შესული და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან საკუთრებით ვერ სარგებლობს. საკითხს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. მისი თქმით, მერიას მოლაპარაკებების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო ვერ აშენდება.