თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობაა. მან საკითხზე TV “იმედთან” ისაუბრა.
სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის მსგავსად დედაქალაქში ავტომობილების გადაადგილების რეგულირების გამოსავლად კონკრეტული დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით გადაადგილების შესაძლებლობა ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის სისტემა დაასახელა, თუმცა მერი აღნიშნავს, რომ ამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს.
"მე ხშირად მისაუბრია სტატისტიკასთან დაკავშირებით, წელს დედაქალაქში, პიკის საათში, დაახლოებით, 900 000-მდე ავტომობილის გადაადგილდება. ეს ძალიან დიდი რიცხვია და რა თქმა უნდა, დედაქალაქის არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა ამ რაოდენობის ავტომობილებს ვერ გაუძლებს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მზარდია ავტომობილების შემოყვანაც [იმპორტის].
ხშირად გვაკრიტიკებენ და გვეუბნებიან - რატომ არ აკეთებთ მაგალითად შესაბამის ესტაკადებსო. ესტაკადის გაკეთება არ არის გამოსავალი. ეს პირიქით ავტომობილების მიმართულებით წახალისება იქნება. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა - თავის დროზე, როდესაც ეს გაკეთდა, ჰქონდა გამტარუნარიანობა, გავიდა გარკვეული დრო, წლები, გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და დღეს წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. ერთ კონკრეტულ ადგილზე რომ გააკეთო, როგორც გვეუბნებიან, ესტაკადა, ეს არაფერს მოგცემს, იმიტომ რომ შეიძლება დღეს ერთი კონკრეტული მონაკვეთი სწრაფად გაიაროს ავტომობილმა, მაგრამ სხვა მონაკვეთზე იგივე პრობლემა შეიქმნება და შეიძლება გაიჭედოს ჩვენი ქუჩებიდან და გამზირებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დღეს თუ ჩვენ გავაკეთებთ ესტაკადებს და შეიძლება კონკრეტულ მონაკვეთებში თავისუფლად იყოს გადაადგილება შესაძლებელი, 10 წლის მერე რას ვშვრებით? იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით, როდესაც კიდევ უფრო გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა.
ხშირად ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს გზებს ვავიწროებთ და საავტობუსე ზოლებს რომ ვაკეთებთ, თითქოს ეს იყოს პრობლემა. მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო - აღმაშენებლის ხეივანი. სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა, არანაირი საავტობუსე ზოლი არ დახაზულა. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე? გარკვეულ მონაკვეთებში, შეიძლება ითქვას კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გავლა არის შეუძლებელი, იმდენი ავტომობილი გადაადგილდება. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა.
რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყნებში ხდება, მაგალითად, თუ გვინდა ამ პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგალითად მაგაზეც შევჯერდეთ, ხომ რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დაშვებული ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა. როგორც გაკეთდა ეს ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის. ისე არ გამოვა, რომ აი მუნიციპალიტეტი არაფერს არ აკეთებს და პრობლემა არის. არა, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მაშინ ყველამ უნდა გავიჭირვოთ...",- ამბობს კალაძე.
მისი განცხადებით, მიმდინარეობს კვლევა დედაქალაქის შემოვლით გზებთან დაკავშირებით, რის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული სამომავლო გადაწყვეტილებები.
"აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სადაც კონკრეტულ გზის მონაკვეთებზე მიმდინარეობს კვლევა. დედაქალაქის შემოვლით გზებზეა საუბარი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთ შემოსასვლელებზე. ვნახოთ, კვლევის შედეგი როგორი იქნება, რას მოგვცემს. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ აი რატომ არ აკეთებთ ისე, როგორც მაგალითად, მოსკოვში წრიულები გააკეთეს. ჩვენი ქალაქის რელიეფი არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ჩვენ, როდესაც დარგის სპეციალისტებს, უცხოელებს ვთხოვეთ, რომ გაეკეთებინათ კონკრეტული პროექტი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ძალიან რთულია იმ თვალსაზრისით, რომ თბილისი არის ჩიხივით თავისი რელიეფიდან გამომდინარე, უბრალოდ შეუძლებელია ამ წრიულების გაკეთება, რომელიც რა თქმა უნდა გარკვეულწილად განტვირთავდა დედაქალაქს. ახლა ვნახოთ ის ორი კონკრეტული პროექტი, რომელიც კვლევაზე არის გაშვებული, რა შედეგს მოგვცემს, რა იქნება გადაწყვეტილება და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, თუ რა არის გასაკეთებელი",- აცხადებს დედაქალაქის მერი.
























