UFC-ის ქართველ მებრძოლს ილია თოფურიას თბილისში ყველაზე მეტად საცობები აწუხებს - ამის შესახებ მან La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ილია თოფურია UFC-ის „თეთრი სახლის“ ღონისძიების შემდეგ, სამშობლოს ერთ თვეზე მეტი ხნით ესტუმრა.
“მსოფლიოში სად არ ვყოფილვარ და ასეთი საცობები არ მინახავს არასდროს. სტრესული პროცესია ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება როცა გიწევს. ადგილზე რომ მიხვალ რაღაც პასუხისმგებლობები გაქვს, რაღაცა უნდა გააკეთო, რაღაცა უნდა შეასრულო, მაგრამ ცალკე ის, რომ საცობში უნდა იდგე... მაგრამ ამავდროულად არც მინდა რომ ბევრი რაღაცა ვთქვა იმიტომ, რომ რეალურად არ ვარ ამ სისტემაში, არ ვცხოვრობ აქ და ბევრი რაღაცა ანუ არ მესმის, რა თქმა უნდა, რომ ყოველთვის თუ გინდა, რომ რაღაცა უარყოფითი ნახო დაინახავ, ყოველთვის დაინახავ, მაგრამ პირადად მე რასაც აუცილებლად შევცვლიდი საცობებია იმისთვის, რომ მოქალაქეების ენერგია და დრო დაზოგონ. ზოგადად თბილისში მიმდინარე ძალიან ბევრი მშენებლობა იმაზე მიუთითებს, რომ უფრო მეტი მანქანაც იქნება, უფრო მეტი საცობიც და ანუ დიდი სიამოვნებით გადავხედავდი თვითონ ქალაქის პროექტს, როგორ აქვთ ეს ყველაფერი დაპროგრამებული იმისთვის, რომ დავუშვათ დღეს 2026 წელს წელში ვართ, მაგრამ 2030 წელს რა გვექნება და როგორ განვითარდება ეს მთლიანი ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა ილია თოფურიამ.
ქართველმა მებრძოლმა თბილისის მოძრაობა ესპანურსაც შეადარა და იმ უპირატესობებს გაუსვა ხაზი, რომელსაც დასავლეთ ევროპაში ვხვდებით:
“თბილისს ისეთი პრობლემა აქვს, რომ ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა გინდოდეს წასვლა, ქალაქში უნდა გაიარო, არა აქვს გარედან ეს მთლიანი სისტემა. დავუშვათ, როგორც ესპანეთშია ასეთი ავტობანების სისტემა და ქალაქის ყველა პუნქტში თავისი შესასვლელები აქვს და ასე ანაწილებენ მანქანების მოძრაობას. ამის ნახვა იქნებოდა ჩემთვის ძალიან საინტერესო, თორემ ისე ხომ იცი ქალაქი შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, ყველაფერი ძალიან მაგარი გქონდეს, მაგრამ თუ დაისტრესე რა ვიცი”, - აღნიშნა UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ოქტაგონზე დაბრუნებას 2027 წლის გაზაფხულისთვის აპირებს.
























