მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავის ვუკრძალავთ ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის - კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი აცხადებს, რომ საკუთარი ავტომობილით მოძრაობას არავის უკრძალავს, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ეს არ არის კამერებთან ავტომობილების გავლების ჯამური რაოდენობა, თითოეული ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რამდენმა კამერამ დააფიქსირა, სისტემაში მხოლოდ ერთხელ ითვლება.

„დღეს მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას და ქალაქში არსებულ საცობებს. მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობების გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს.

ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს ცხადია მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის. ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, თბილისის ქუჩებში ყოველდღიური საცობები გაორმაგებულ სატრანსპორტო დატვირთვას უკავშირდება.

„საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 948 ათასს აღწევს. ცხრა წელიწადში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაორმაგდა.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ თბილისი მთელი ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ჩამოდიან ადამიანები სამუშაოდ, ბიზნესსაქმიანობისთვის, მომსახურების მისაღებად. ბევრი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის. არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საცობების პრობლემის გადასაჭრელად ევროპის ქალაქებში არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა სწორედ ამ პრინციპზე - მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე დაფუძნდა. მისი თქმით, მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის.

„ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ. თბილისს აქვს თავისი გეოგრაფია, რელიეფი, ისტორიული უბნები, საცხოვრებელი სახლები, საფეხმავლო სივრცეები და მწვანე ტერიტორიები. შეუძლებელია ავტომობილების რაოდენობის მუდმივ ზრდას მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით ვუპასუხოთ. ათწლეულების განმავლობაში თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა ძირითადად კერძო ავტომობილებზე იყო მორგებული. თუმცა საერთაშორისო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა“, - განაცხადა მერმა.

მისივე განმარტებით, მულტიმოდალური პრინციპი ნიშნავს, რომ ქალაქის ქუჩა უნდა ემსახურებოდეს ყველას - ფეხით მოსიარულეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს, ავტომობილის მძღოლს, ველოსიპედისტს და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებს.

„ყველას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობა. გვახსოვს ალბათ, წლების წინ ტროტუარებზე ფეხით გავლა იყო შეუძლებელი. ჭავჭავაძის გამზირი იყო ამის კარგი მაგალითი. ტროტუარები გადავსებული იყო ავტომობილებით, დედა შვილს ეტლით ვერ გაასეირნებდა. 2017 წლიდან სწორედ მულტიმოდალურ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა. უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ სატრანსპორტო გეგმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება შესაბამისი კვლევებისა და სატრანსპორტო მოდელირების საფუძველზე. ამ მიდგომით განვაახლეთ ჭავჭავაძის, წერეთლის, ქეთევან დედოფლის, მელიქიშვილის გამზირები და სხვა მნიშვნელოვანი ქუჩები. ამავე პრინციპით ხორციელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია, ქალაქის ქუჩები იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და ხელმისაწვდომი მოძრაობის ყველა მონაწილისთვის.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია, რადგან გამტარუნარიანობის გაზრდა, ე.წ. გამოწვეული მოთხოვნის პრინციპით, ავტომობილების დამატებით ნაკადებს იზიდავს.

„გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძზე არსებული ესტაკადების მიუხედავად, ავტომობილების გაზრდილი ნაკადის პირობებში მოძრაობა კვლავ ფერხდება. აღმაშენებლის ხეივანზეც კარგად ჩანს, როგორ შეიძლება ფართო გზიდან შედარებით შეზღუდული გამტარუნარიანობის მონაკვეთზე გადასვლამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს. ჩვენ ვერ გავაფართოებთ ქალაქის ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს იმისთვის, რომ ავტომობილების მუდმივად მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ უნდა აშენდეს. სადაც კონკრეტული პროექტი აუცილებელ სატრანსპორტო კავშირს ქმნის და მისი ეფექტიანობა შესაბამისი კვლევებით დასტურდება, ასეთი პროექტები უნდა განვიხილოთ, მაგრამ მხოლოდ ესტაკადებითა და გზების გაფართოებით თბილისის საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არა უსასრულოდ მეტი ავტომობილის გატარება, არამედ მეტი ადამიანის სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებაა, რის გამოც მუნიციპალიტეტის უმთავრეს პრიორიტეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, მერის ინფორმაციით, 2017 წლიდან დედაქალაქში სრულად განახლდა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი და ამჟამად მგზავრებს 1 059 თანამედროვე ავტობუსი და 1 000 მიკროავტობუსი ემსახურება. დამატებით 200 ავტობუსის შესაძენად მოლაპარაკებები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს, პარალელურად კი ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელის შეკვრა იგეგმება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ეტაპობრივად შეიკრას ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელი, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს სწრაფად და პროგნოზირებად დროში. გრძელდება მეტროს მოდერნიზაციაც. იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ხოლო ჩინეთიდან ეტაპობრივად უნდა მივიღოთ 111 ახალი ვაგონი, რომლითაც 25 მატარებელი ჩანაცვლდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, დაწყებულია ტრამვაის პროექტის განხორციელების პროცესი, რომელიც დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. მიმდინარეობს საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და შესაბამისი სამუშაოები დედაქალაქის შემოვლითი გზების პროექტთან დაკავშირებით.

„გვინდა, რომ მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიოს არა იმიტომ, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ავუკრძალეთ, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსით, მეტროთი ან ტრამვაით მგზავრობა მისთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და საიმედო იქნება. კარგად გვესმის, რომ გადაადგილების ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა მარტივი არ არის. არც ის გვგონია, რომ ერთ დღეში, ერთი ახალი ავტობუსით, ერთი ზოლით ან ერთი რეაბილიტირებული ქუჩით თბილისის სატრანსპორტო პრობლემები მოგვარდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს თანმიმდევრულ მუშაობას, სწორ დაგეგმვას და საზოგადოების ჩართულობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია არსებულ გამოწვევებს ხედავს და მათი მოგვარების გზებზე მუდმივად მუშაობს.

„ერთი რამ ცხადია - თუ დღეს მხოლოდ დროებითი კომფორტისთვის უარს ვიტყვით აუცილებელ ცვლილებებზე, ხვალ გაცილებით უფრო რთული სატრანსპორტო პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. მინდა, თითოეულ თბილისელს ვუთხრა - ძალიან კარგად მესმის თქვენი ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. პირიქით, ვხედავთ პრობლემებს და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ახალი გზების, ავტობუსის ზოლების, მეტროსადგურებისა თუ სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. ვმუშაობთ, რომ ყველა ამ მიმართულებით მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული ვითარება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები