მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწარმეები სახელმწიფოს მაღაზიებთან შუამდგომლობას სთხოვენ

5e47f93544d49
ანი ციხისთავი
15.02.20 20:30
1326
“შეხვედრა გვქონდა პროგრამის “აწარმოე საქართველოში” და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან, სადაც დაახლოებით 200 მეწარმე ვიყავით და ყველა იმას ვითხოვდით, რომ სახელმწიფომ რამენაირად გაგვიადვილოს ქსელურ მაღაზიებში შესვლა”- ამის შესახებ Bm.ge-სთან პურის სახლი “თავთუხის” დამფუძნებელმა, მზია ბენდელიანმა ისაუბრა.

ბენდელიანის თქმით, შეხვედრაზე ერთადერთი პასუხი მიიღეს, რომ ქსელური მაღაზიები კერძო სექტორია და ამაში ჩარევა სახელმწიფოს არ შეუძლია.

“ჩვენ ჩარევას არ ვითხოვთ. უბრალოდ დაწერონ სარეკომენდაციო წერილი, რომ კარგი ხარისხი გვაქვს”,- აცხადებს “თავთუხის” დამფუძნებელი.

“2 წლის წინ იყო საპრეზიდენტო პროგრამა “მოითხოვე ქართული”. ამ პროექტის ფარგლებში ქართული პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს ბარათზე ქულები ერიცხებოდათ. ამის გამო მაღაზიებიც დაინტერესებული იყვნენ ქართული პროდუქციის დახლებზე განთავსებით. ხომ შეიძლება, მსგავსი რამითაც დაგვეხმაროს სახელმწიფო?!”,- აღნიშნავს მზია ბენდელიანი.

მისივე თქმით, ტურისტული თვალსაზრისითაც კარგი იქნება, მაღაზიებში ქართული კუთხეები მოეწყოს, სადაც მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია განთავსდება.

მზია ბენდელიანის განცხადებით, კომპანიას 2 თვეა მოლაპარაკებები აქვს მარკეტების ქსელ Spar-თან, თუმცა საბოლოო პასუხს ვერ იღებს: “პირობებზეც თანახმა ვართ, ჩვენი ხარისხიც მოსწონთ, მაგრამ არც კის გვეუბნებიან და არც არას”.

მზია ბენდელიანმა Bm.ge-სთან სხვა პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე მეწარმეებისთვის სერთიფიკატის მიღებაც დიდ სირთულეს წარმოადგენს.

“ბიოსერთიფიკატზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, გვინდა უბრალოდ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ჩვენი პროდუქტი ჯანსაღია და შევძლოთ ამის ეტიკეტზე დატანა”,- აცხადებს ბენდელიანი.

მისივე თქმით, ასეთი სერთიფიკატის მიღება ძალიან დიდ თანხებთან და პროცედურებთანაა დაკავშირებული, რის გამოც, მცირე მეწარმეებისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელიც ხდება.

ცნობისთვის, პურის სახლი “თავთუხი” უკვე მესამე წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ქართული ტრადიციული ხორბლისგან - წითელი დოლისა და ლომთაგორასგან - აწარმოებს პურს ბუნებრივი საფუარით - პურის დედით. “თავთუხის” პური ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისში იყიდება. “თავთუხის” საწარმო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით არის შექმნილი.