მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მგონი, ჯარიმების ქვეყნად გადავიქეცით“ - გიდი ტურიზმის შესახებ კანონპროექტზე

649965e18b934
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.23 14:34
372
საქართველოს ტურისტული გილდიის აღმასრულებელი დირექტორი და სერტიფიცირებული გიდის ნატალია ნონიკაშვილის შეფასებით, ტურიზმის შესახებ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დარგის წარმომადგენლების ინტერესებს არ იცავს. ამის შესახებ მან bm.ge-სთან კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.

ნატალია ნონიკაშვილი თვლის, რომ დარგის მარეგულირებელი დოკუმენტი სექტორის წარმომადგენლებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მაშინ როდესაც კანონი სუბიექტებს შორის ურთიერთობას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა არეგულირებდეს.

„ნებისმიერ კანონს ორივე მხრიდან ურთიერთვალდებულება უნდა ჰქონდეს. კანონმა მხოლოდ მე კი არ უნდა დამავალდებულოს, არამედ ერთი სუბიექტის მეორე სუბიექტთან ურთიერთობა უნდა მოაწესრიგოს კანონის ფარგლებში. ამ კანონპროექტით მოწესრიგება კი არ ხდება, არამედ ვალდებულებების და ჯარიმების უზარმაზარი სიის გაწერა ხდება, მგონი საჯარიმო ქვეყანად გადავიქეცით. ამას ძალიან მარტივად ხედავენ“, - აცხადებს ნონიკაშვილი.

საქართველოს ტურისტული გილდიის აღმასრულებელი დირექტორი კანონპროექტის რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, ისეთი როგორიცაა ტუროპერატორის განმარტება, გამყვანი ტურკომპანიების საგარანტიო ვალდებულებები და ის, თუ როგორ იცავს კანონი დაზარალებულ ეკონომიკურ სუბიექტს.

„გასული წლის შემოდგომაზე კანონპროექტის პირველი ვარიანტის წარდგენისას უკვე გვქონდა კითხვები და დღეს წარდგენილი ვარიანტი აბსოლუტური კატასტროფაა, რადგან სრულად აღრეულია ერთმანეთთან ვინ არის ტურმენეჯერი, ვინ არის ტუროპერატორი... შემოდგომაზე წარდგენილ კანონპროექტში განმარტებული იყო, რომ ტუროპერატორად მოიაზრებოდა პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც მომსახურების სრულ პაკეტს გაწევდა, დღეს კი გვეუბნებიან, რომ საკმარისია ორი ტურისტული მომსახურება გაეწიოს ერთდროულად... მაგალითად მე დამიქირავეს გიდად და ამავდროულად მკითხეს, რომელ სასტუმროში წავიდნენ, ან დავულაგო ტური ბორჯომი, სიღნაღი, მესტია და მე ვერევი და ვუხსნი როგორ ურჩევიათ... როგორც კი მე ჩავერევი და გადავუწყვეტ როგორაა მისთვის უმჯობესი, ამგვარად მე ვხდები ორი სერვისის მიმწოდებელი. მე არ ვყიდულობ ბილეთს, არ ვუჯავშნი სასტუმროს, თუმცა ნებისმიერი კონსულტაციის მომსახურებად მოქცევას ცდილობენ.

ამასთან, გამყვან ტუროპერატორებს, ვისაც ტურისტები საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, იაპონიაში, საფრანგეთში გაჰყავთ, მათ ნამდვილად სჭირდებათ გარკვეული საგარანტიოები, თუმცა აქაც შეიძლება შერბილება და ჭკვიანურად მოფიქრება. აქ ერთვებიან ავიაგადამზიდავები, ტურისტული დაზღვევა და ბევრი ფრაგმენტი უნდა ჩაირთოს და გამყვანი ტურკომპანია არ უნდა გახდეს ყველაფერზე პასუხისმგებელი. ფორსმაჟორის შემთხვევაში ისედაც გაწერილია ეს პირობები და არაკეთილსინდისიერ მომხმარებელს არ აქვს უფლება იქიდან მიბაკუნოს ფეხები და 300 დოლარიანი ბილეთის ნაცვლად 3 000 დოლარიანი ბილეთი მოითხოვოს პირდაპირი ფრენით და ა.შ.

კანონი მხოლოდ მავალდებულებს და არანაირად არ მიცავს. არსებობს კიდევ ერთი გარემოება - როდესაც ტურკომპანიას მირეკავენ, მადგენინებენ ტურს, მარეკინებენ ყველგან - სასტუმროში, მანქანაზე და ჩემი გაწერილი ტურით ჩამოსვლისას სხვა ტაქსისტს მიყვებიან - მე ვინ მიცავს ამ შემთხვევაში?!“, - აცხადებს ნატალია ნონიკაშვილი.

ცნობისთვის: ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის შედეგად, სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი უკვე პარლამენტშია, რომლის მიხედვითაც ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს.

კანონპროექტის მიხედვით კომბინირებული ტურისტული მომსახურებაა - არანაკლებ ორი სხვადასხვა ტიპის ტურისტული მომსახურება, რომლებიც შეძენილია ერთი და იმავე მოგზაურობის ფარგლებში და არ შეადგენს პაკეტს და ხდება ცალკე ხელშეკრულებების დადება ტურისტული მომსახურების ინდივიდუალურ მიმწოდებლებთან.

ტუროპერატორი - პირია, რომელიც ქმნის და ყიდის (ან სთავაზობს გასაყიდად) ტურისტულ პაკეტს თვითონ ან ტურაგენტის მეშვეობით ან ტურაგენტთან ერთად, ან რომელიც აწვდის ტურისტის მონაცემებს ტურისტული მომსახურების სხვა მიმწოდებელს.

კანონპროექტის თანახმად, ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტუროპერატორს/კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა ან საბანკო გარანტია.

ტუროპერატორის და/ან კომბინირებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველად სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განისაზღვრა, რომელსაც ტურისტული სერვისის მიმწოდებლებმა, გარკვეული პერიოდულობით, შესაბამისი ანგარიში უნდა წარუდგინონ.