საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში დაცულ ტერიტორიებს თითქმის 900 ათასი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 500 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი იყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასულ წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის სტატისტიკა კი მიუთითებს, რომ დაცული ტერიტორიები ტურისტული მიმართულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება.
ამ მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ერთდღიანი მედიატურის ფარგლებში მინისტრმა და ჟურნალისტებმა მადათაფასა და ბუღდაშენის ტბები დაათვალიერეს.
ორივე ტბას საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რამსარის ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი აქვს. როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, ჯავახეთის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრინველთა მრავალფეროვნებისა და მიგრირებადი სახეობების დაცვის თვალსაზრისით.
„ჯავახეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მაღალმთიანი ეკოსისტემაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრინველთა მრავალფეროვნებისა და მიგრირებადი სახეობების დაცვისთვის. მადათაფასა და ბუღდაშენის ტბებს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რამსარის ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი აქვს და მიგრაციის პერიოდში მრავალი სახეობის ფრინველისთვის მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, დაცული ტერიტორიების განვითარება ბუნების დაცვის პრინციპებთან შესაბამისობაში უნდა განხორციელდეს, რაც ერთდროულად ეკოსისტემების შენარჩუნებასა და ეკოტურიზმის შესაძლებლობების ზრდას გულისხმობს : „ჩვენი მიზანია, დაცული ტერიტორიების განვითარება ბუნების დაცვის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში წარიმართოს, რათა ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ უნიკალური ეკოსისტემები და ბიომრავალფეროვნება, ხოლო, მეორე მხრივ, შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ეკოტურიზმის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მან.
ჯავახეთში ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ახალი პროექტიც იწყება. თეთრობის აღკვეთილში ნიამორის აღდგენის პროექტი განხორციელდება, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ზოოპარკი კოორდინირებულად განახორციელებენ. პროექტის მიზანი ნიამორის პოპულაციის აღდგენა და ჯავახეთის ეკოსისტემის გაძლიერებაა.
დღეს საქართველოში 112 დაცული ტერიტორიაა, რომელთა საერთო ფართობი 1 066 175 ჰექტარს აღემატება და ქვეყნის ტერიტორიის 15%-ზე მეტს მოიცავს.
სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების განვითარება, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და ეკოტურიზმის შესაძლებლობების გაძლიერება უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
























