11.აგვისტო .2022 17:59

„მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველით“ - დავითაშვილი

„მიმდინარე თვის ბოლოსთვის  საწვავის ფასების შემცირებას ველით“ - დავითაშვილი
views 2206
უკან

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება. ამის შესახებ მინისტრმა საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა