მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე: მთავარი ამოცანაა, შევიძინოთ იაფად, რათა პური იაფი ღირდეს

62290686a2109
თელარა გელანტია
09.03.22 23:56
1635
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის მიწოდების პრობლემა არ იქნება. ამის შესახებ მან “Palitra News”-ის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ საქონელი იაფად შეიძინოს.

ცნობისთვის: საქართველომ 2021 წელს $93.5 მილიონი დოლარის ღირებულების 367,000 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან $87.4 მილიონი დოლარის (338,000 ტონა) ხორბალი რუსული იყო, $4.6 მილიონის ხორბალი კი - ამერიკული იყო (24.4 ათასი ტონა

„დღეს საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მოწოდების პრობლემა არ იქნება, პირიქით, საუბარია, რომ საექსპორტო გადასახადი, რომელიც ხორბალს ზღუდავდა, მოიხსნას და უფრო კარგ პირობებში შეიძინოს საქართველომ, უფრო იაფად... ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევიძინოთ იაფად, თორემ ხორბლის მოწოდება როდესაც ხდება რუსეთიდან, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ალტერნატივა არ აქვს. ალტერნატივა უამრავია ხორბლის მიღების, ეს არის მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, უფრო შორეული პარტნიორები სამხრეთ ნახევარსფეროში ან ძალიან ახლოს ჩვენი მეზობელი ყაზახეთი, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ უფრო იაფად, უფრო სარფიანად შევიძინოთ, რომ მოსახლეობისთვის არ იყოს წნეხი, პური და ფქვილი უფრო იაფი ღირდეს", - განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - საუბარია რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის მოხსნაზე? - მინისტრმა თქვა: დიახ.

ამასთან, ლევან დავითაშვილი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსაც შეეხო და თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, ენერგომატარებლები და აგრო-სასურსათო პროდუქტები არ არის სანქცირებული და სანქცირების გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, მათ შორის აშშ-მა.

"არც ნავთობპროდუქტები, არც ენერგომატარებლები და არც აგრო-სასურსათო პროდუქტები არ არის სანქცირებული, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილება. ინდივიდუალურად რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსულ ნავთობს და ენერგომატარებლებს არ მიიღებს, თუმცა ამერიკის დამოკიდებულება საკმაოდ მცირეა, ფაქტობრივად, მინიმალური და მას საკმაოდ ბევრი ალტერნატივა გააჩნია.

ევროკავშირის ძალიან ბევრი ქვეყანა დღეს იღებს ენერგომატარებლებს რუსეთიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სანქციებზე ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს იმ შესაძლებლობიდან, რაც აქვთ. თითოეული გადაწყვეტილება პასუხისმგებლობიანი უნდა იყოს და ევროპული ქვეყნებიც ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედებენ.

შეიძლება გვინდოდეს, რომ უფრო ეფექტიანი იყოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, შეზღუდვა თუ სანქცია, მაგრამ ამავე დროს ყველაფრის საშუალება არ ეძლევა ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, გამომდინარე რეალობიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში დეფიციტის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ქვეყანას აქვს მარაგები და უწყვეტად შეივსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები