მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი: „FDI გრანტი“ არის კარგი დესერტი ინვესტორებისთვის”

63ca39e77ebd0
თელარა გელანტია
20.01.23 11:31
658
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისას, „FDI გრანტის“ მექანიზმი საქართველოს დამატებით კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში „FDI გრანტის“ პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

პროგრამის პირველი ბენეფიციარი ამერიკული კომპანია Lineate-ი შარშან გახდა. მიხეილ ხიდურელი იმედოვნებს, რომ ამ მექანიზმით სხვა კომპანიებიც ისარგებლებენ.

ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა მაღალტექნოლოგიური წარმოების (ელექტრო ნაწილები, ავტო ნაწილები, ავია ნაწილები), ბიზნეს პროცესებისა და IT აუთსორსინგის, ლოგისტიკურ და თვითმფრინავების მომსახურების სექტორში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს შეუძლია. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ბენეფიციარი კომპანია საინვესტიციო თანხის 15%-მდე უკან დაუბრუნებს.

პროგრამის მიზანია, პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისება საქართველოში, კერძოდ, ახალი/დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

„FDI გრანტი“ არის ძალიან კარგი მექანიზმი, რომელიც გვმატებს დამატებით უპირატესობას ინვესტიციების მოზიდვის დროს. რა თქმა უნდა, არავის აქვს ამბიცია, რომ ქვეყანაში ინვესტორი „FD გრანტის“ გამო შემოვა, მაგრამ ეს არის კარგი დესერტი ინვესტორებისთვის, როდესაც ისინი სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს და პირობებს ერთმანეთს ადარებენ. ამასთან, ამ მექანიზმით ვაკომპენსირებთ ძალიან ბევრ გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა და მაგალითად, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი მოიყვანა.