მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგვიწია ხელფასების გადახედვა, მაგრამ თანამშრომლები შევინარჩუნეთ" – ALTA გამოწვების წინაშე

5e9876ef00c58
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.20 22:00
1430
დახურული მაღაზიები, გამკაცრებული უსაფრთხოების ნორმები, შეზღუდვები, შემცირებული გაყიდვები და გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - ყველა ამ გამოწვევის წინაშე ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ალტა“, ისევე როგორც სხვა კომპანიები COVID-19-ის მიერ შექმნილმა ვითარებამ დააყენა.

BM.GE-სთან „ალტას“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი გიორგი ჟურული იმ გადაწყვეტილებების შესახებ საუბრობს, რომელიც რთული ეკონომიკური გარემოს ფონზე იქნა მიღებული.

როგორც ის აღნიშნავს, „ალტას“ ხარჯები ამ ეტაპისთვის აღემატება შემოსავალს.

„პრობლემა არის კომპლექსური, პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდება, ამიტომ სანამ ჩვენ გამოვალთ ამ კრიზისიდან აუცილებელი იქნება გარკვეულწილად ფინანსური წნეხის შემცირება. თებერვლამდე ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებდით შემოსავალს, ვიხდიდით გადასახადებს და გვქონდა ხარჯები. ახლა გვაქვს გაზრდილი ხარჯები და არ გვაქვს შესაბამისი შემოსავალი, კრიზისი გადავლის შემდეგ შემოსავლებსა და გასავლებში გვექნება სერიოზული დისბალანსი, რომლიც ნორმალიზებაში მთავრობამ თავისი წილი უნდა შეიტანოს, შეიძლება ეს იყოს გადასახადების შემცირება“, - ამბობს გიორგი ჟურული.

როგორც მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი აღნიშნავს, კომპანიამ შეძლო თანამშრომლების შენარჩუნება, თუმცა ხელფასების გადახედვა მოუწიათ.

„ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით ჩვენი თანამშრომლების შენარჩუნება, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობას მაღაზიის პერსონალი შეადგენდა, მაღაზიები კი დაკეტილია, საკმაოდ საგრძნობი ნაწილი თანამშრომლების აქტიურად აღარ არის ჩართული სამუშაო პროცესში, თუმცა ისინი იღებენ ხელფასებს. „ალტას“ 500-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამ ეტაპისთვის თანამშრომელთა ნახევარია აქტიური და მათი უმრავლესობა დისტანციურად მუშაობს, დანარჩენ თანამშრომლებს ჩვენ ვუნარჩუნებთ მინიმალურ ანაზღაურებას. ჩვენ მოგვიწია ხელფასების გადახედვა, მარტი ჩვეულებრივად გავიარეთ, აპრილში შეზღუდვებით მივდივართ და იმედი გვაქვს შემდგომში მთავრობა გახსნის ბიზნესს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც დრო გავა, საქმიანობის შეფერხება გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება“, - განმარტა მან.

მისივე თქმით, ამ რთულ ვითარებაში კიდევ ერთი გამოწვევა მათთვის ლარის გაუფასურება იყო, რის გამოც პროდუქტზე ფასების გაზრდა მოუწიათ.

„ჩვენ ვმუშაობთ იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვებზე, ამიტომ ლარის გაუფასურება ჩვენი პროდუქციის ფასებზე თავისთავად აისახა. კურსის ცვალებადობა ჩვენი თვითღირებულების ცვლილებას იწვევს და გვიწევს გასაყიდი ფასების შეცვლა. ამასთან ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო, ჩვენ ლარის დასტაბილურების შემთხვევაში პროდუქტზე ფასებს შევამცირებთ“, - აცხადებს „ალტას“ მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი.