მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლების და ბაზრობების თანამშრომლების ტესტირების ხარჯს ერთჯერადად სახელმწიფო გაიღებს

60055d95f3d6f
თელარა გელანტია
18.01.21 14:03
1410
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირებების ხარჯს ერთჯერადად სახელმწიფო გაიღებს. როგორც მან მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბიზნესთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პირველი ტესტირება მთავრობის მიერ იქნება სუბსიდირებული.

ამასთან, როგორც bm.ge-ისთან საუბრისას ბექა ფერაძემ დააკონკრეტა, მომავალში ბაზრობების და სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციებს ექნებათ ვალდებულება, თანამშრომლების მინიმუმ 20%-25% გატესტონ.

„ბიზნესთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ იანვარში ტესტირება განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო უკვე თებერვლიდან როგორ მოხდება ეს, ამის სხვადასხვა მექანიზმებზე ვმსჯელობთ. აქ აუცილებლად უნდა შემოვიდეს კერძო სექტორი, რათა დაიცვას თითოეული დასაქმებული, რადგან ინფექცია და ტესტირება არის თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თუ რა დოზით და როგორ განხორციელდება ტესტირება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა პირველი ტესტირება სახელმწიფოს მხრიდან იქნება სუბსიდირებული“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ბექა ფერაძის ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლები 1 თებერვლიდან მუშაობის გასაახლებლად რეგისტრაციას გაივლიან. ირკვევა, რომ სწორედ აღნიშნულ პლატფორმაზე მოუწევს ბიზნესს იმ ინფორმაციის განთავსება, რომელიც თანამშრომლების ტესტირებას შეეხება.

„მიმდინარე კვირაში ეკონომიკის სამინისტროსთან და ბიზნესომბუდმენთან ერთად შევხვდებით ბიზნესს. როგორც დაანონსებულია, პირველი ეტაპის ფარგლებში, 1 თებერვლიდან მოხდება ბაზრების და მოლების ფუნქციონირების განახლება. ამ შემთხვევაში, საუბარია დიდ ქალაქებზე, სადაც ადამიანების მეტად გენერირება ხდება და შესაბამისად, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია სპეციალური პლატფორმა, სადაც ბიზნესი რეგისტრაციას გაივლის ძალიან მარტივი, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე; ამ რეგისტრაციის საფუძვლზე მოხდება ტესტირების განხორციელება და ტესტირების შემდგომი პროცესი იქნება უკვე 1 თებერვლიდან საქმიანობის განახლება; ტესტირება არის დამატებითი მექანიზმი. ყველა პროტოკოლი, რომელიც იყო განსაზღვრული ჯადაცვის სამინისტროს მიერ, რჩება ძალაში და ტესტირება არის დამატებითი პრევენცია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულების, ისე მომხმარებლების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბექა ფერაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული მექანიზმებით, ეტაპობრივად, ეკონომიკის სხვა მიმართულებები გაიხსნება.

ცნობისთვის: სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების თანამშრომლებს სახელმწიფო სწრაფი ტესტით გატესტავს.