მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეები შემოსავლების 25%-ზე მეტს მედიკამენტებში ხარჯავენ, ეს უნდა შეიცვალოს - სერგეენკო

5fe46797ebd2f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.20 14:21
742
საქართველოს პარლამენტის წევრისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეს მოქალაქეების მიერ არაგადამდები დაავადებების მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები, სცდება კრიტიკული დანახარჯების ნიშნულს და მთლიან ხარჯებში 25%-ზე მეტს შეადგენს.

პარლამენტარმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ახალი მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები.

„პანდემიის პირობებში არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად. მოხარული ვარ, რომ აღნიშნეთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ისევ იქნება მთავრობის პრიორიტეტი, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის - მილიონზე მეტი ადამიანისთვის, მედიკამენტებზე დანახარჯი, იმ მედიკამენტებზე, რომელიც არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ არის საჭირო, სცდება კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს, ანუ შემოსავლების 25%-ზე მეტს ეს ადამიანები ხარჯავენ მედიკამენტებისთვის.

საკუთრივ ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის განვითარება არ არის საკმარისი, იმისთვის რომ ეს კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს. პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნა ამ საკითხის მნიშვნელობას ჯერადობით ზრდის და ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ წონას სძენს ამ საკითხს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ჯანდაცვის რეფორმები არ არის საკმარისი - აუცილებელია მტკიცე პოლიტიკური ნება, ძალიან მიზანმიმართული და ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგანაც ამ გადაწყვეტილებებს წინ დახვდება მისი სიმეტრიული უკუძალები“, - განაცხადა სერგეენკომ.

მან მთავრობის ახალ შემადგენლობას ჰკითხა - რამდენად აქვთ ასეთი გადაწყვეტილებების მიღების მზაობა.

„რა რიგის პრიორიტეტია თქვენთვის ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ საკითხის გადაჭრას მოხმარდება - ეს არის უმაღლესი, პირველი თუ მნიშვნელოვანი რიგის პრიორიტეტი და რამდენად გაქვთ მზადყოფნა, რომ ამ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაში მიიღოთ აქტიური მონაწილეობა?“, - იკითხა დავით სერგეენკომ.