13.მაისი .2021 16:53

მოსახლეობას ასკილით, ჟოლოთი და სხვა ტყის პროდუქტებით სარგებლობა არ ეკრძალება - სამინისტრო

მოსახლეობას ასკილით, ჟოლოთი და სხვა ტყის პროდუქტებით სარგებლობა  არ ეკრძალება - სამინისტრო
views 683
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, მოსახლეობისთვის არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა დაშვებულია. ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დამატებით, კერძო სექტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ასეთი რესურსით კომერციული საქმიანობაც, რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო.

შესაბამისად, ქვეყანაში არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა არ არსებობდა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ, კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის, ექსპორტი, რაც დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება იურიდიულ პირებზე გაიცემა. აღნიშნული პირები წარადგენენ განცხადებას და სათანადო დოკუმენტაციას ტყის მართვის ორგანოში, რის შემდეგაც, განსაზღვრულ ტერიტორიაზე კონკრეტული რესურსის მოპოვების უფლებას მიიღებენ ერთი წლის ვადით. რესურსის მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებულია, წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლების შესახებ კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან.

ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და შენარჩუნების პირობებში.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, ტყითსარგებლობის ისეთი სახეების, როგორიცაა ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება აიკრძალა.

„მაგალითად პირადი მოხმარებისთვის კენკრის, მაყვალის მოპოვებას არავინ კრძალავს, მაგრამ თუ ამ რესურსების მოპოვება პირობითად კოოპერატივების მხრიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით ხდება, ამას დასჭირდება შესაბამისი ნებართვა“, - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა