რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს თქვენი ქალაქის/სოფლის წინაშეა? - ამ კითხვაზე IRI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოკითხულები უმუშევრობას, ინფლაციას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებენ.
კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 27% მიიჩნევს, რომ უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა. 15% ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ინფლაციაა. ინფრასტრუქტურას და წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს კი მოსახლეობის 23% ასახელებს.
გამოკითხულთა დარჩენილი პროცენტისთვის დასახელებულ ძირითად პრობლემებს შორისაა სიღარიბე, განათლება და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
























