მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლად უმუშევრობის დონე გაიზარდა - ფაქტი, რომელიც პრემიერის განცხადებაში უგულებელყოფილია

კობახიძე

19 სექტემბერს, ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა“.

BMG-მ გადაამოწმა სოფლად დასაქმებისა და უმუშევრობის დინამიკა.

სოფლად დასაქმება და უმუშევრობა — რას აჩვენებს მონაცემები

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა 577.8 ათასი იყო, ხოლო ამავე წლის უმუშევრობის დონემ ზუსტად 11.2% შეადგინა. ორივე მაჩვენებელი ემთხვევა განცხადებაში მოყვანილ რიცხვებს. შესაბამისად, ფორმალურად განცხადება სწორია.

წლიური დინამიკა ამ მიმართულებით პოზიტიურ სურათს აჩვენებს. 2024 წლიდან 2025 წლამდე სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა 560.7 ათასიდან 577.8 ათასამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 17.1 ათასი ადამიანით ანუ 3%-ით მეტია. ამავე პერიოდში უმუშევრობის დონე 13.3%-დან 11.2%-მდე შემცირდა. გაუმჯობესდა დასაქმების დონეც, 45.3%-დან 46.3%-მდე გაიზარდა.

სოფლად დასაქმება: 2026 წლის I და II კვარტლები

2026 წლის პირველი კვარტალში უმუშევრობის დონე პრაქტიკულად უცვლელი რჩება, ხოლო დასაქმებულთა საერთო რაოდენობა მცირედით იზრდება. თუმცა ამ ერთი შეხედვით სტაბილური სურათის მიღმა დასაქმების სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა — დაქირავებული, ანუ ხელფასიანი სამუშაო ადგილები 10.1 ათასით შემცირდა, მაშინ როცა თვითდასაქმებულთა რიცხვმა 17.8 ათასით მოიმატა. ეს არსებითი ცვლილებაა, რადგან სოფლად თვითდასაქმება ხშირად არაფორმალურ ან საარსებო ხასიათის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გულისხმობს.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სოფლად დასაქმების მაჩვენებლები მკაფიოდ გაუარესდა და შესაბამისად გაიზარდა უმუშევრობის დონეც. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაქირავებული სამუშაო ადგილები კვლავ შემცირდა, ამჯერად 14.9 ათასით. ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობის მხოლოდ მცირედით გაიზარდა (2.3 ათასი), რაც დანაკარგს ვერ აბალანსებს. შედეგად, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 12 ათასით შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.6%-ს მიაღწია.

გრაფიკი 1: სოფლად უმუშევრობის დონე (%), კვარტალურ ჭრილში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სოფლისა და ქალაქის შედარება: უმუშევრობა და შემოსავლები

2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე სოფლად 11.2%-ს შეადგენდა, ქალაქად კი — 15.7%-ს, ანუ ქალაქში უმუშევრობის დონე 4.5 პროცენტული პუნქტით მაღალია, ვიდრე სოფლად. იგივე სურათი მეორე კვარტალშიც მეორდება: სოფლად უმუშევრობა 12.6%-ს შეადგენდა, ქალაქად კი — 14.7%-ს, სხვაობა 2.1 პროცენტული პუნქტია.

ეს განსხვავება ძირითადად აიხსნება დასაქმების სტრუქტურული თავისებურებით. სოფლად დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვითდასაქმებულია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული, რაც სტატისტიკურად დასაქმებად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დაბალპროდუქტიული და საარსებო ხასიათისაა. ამასთან, უმუშევრად ითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც აქტიურად ეძებს სამუშაოს, თუ პირი უმუშევარია, მაგრამ სამუშაოს არ ეძებს (მაგალითად, საკუთარი მეურნეობით არის დაკავებული და დამატებით დასაქმებას არ ცდილობს), ის უმუშევართა კატეგორიაში არ ხვდება. სოფლად სწორედ ეს ფაქტორები (მაღალი თვითდასაქმება და სამუშაოს მაძიებელთა შედარებით დაბალი მაჩვენებელი) განაპირობებს უმუშევრობის უფრო დაბალ ფორმალურ მაჩვენებელს, თუმცა ეს არ ნიშნავს დასაქმების ხარისხის ან შემოსავლების უფრო მაღალ დონეს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემოსავლების განსხვავებაც ქალაქსა და სოფელს შორის — ეს დაგვეხმარება გავიგოთ, რატომ არ ნიშნავს უმუშევრობის უფრო დაბალი მაჩვენებელი ავტომატურად უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობას.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქალაქის მოსახლეობის ჯამური თვიური შემოსავალი 1,640.5 მილიონ ლარს შეადგენდა, სოფლის მოსახლეობის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 821.5 მილიონ ლარს უტოლდებოდა. ამრიგად, ქალაქის მოსახლეობის ჯამური შემოსავალი თითქმის ზუსტად ორჯერ აღემატება სოფლის მაჩვენებელს, თუმცა ეს განსხვავება აიხსნება იმითაც, რომ ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაც მეტია, ამიტომ უფრო ინფორმაციულია შემოსავლების შედარება ერთ სულზე.

ერთ სულზე გაანგარიშებით, 2025 წელს ქალაქის მაცხოვრებელზე საშუალოდ თვეში მოდიოდა 706.1 ლარი, ხოლო სოფლის მაცხოვრებელზე — 592.5 ლარი (ეს მონაცემები მოიცავს როგორც ფულად, ისე არაფულად სახსრებს ჯამურად). სხვაობა შეადგენს 113.6 ლარს, რაც ნიშნავს, რომ სოფლად ერთ სულზე შემოსავალი ქალაქის მაჩვენებელზე 16.1%-ით ნაკლებია.

მონაცემები ცალსახად ადასტურებს, რომ სოფლად შემოსავლები დაბალია ქალაქთან შედარებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი მოიცავს არაფულად შემოსავალსაც, როგორიცაა სოფლის მეურნეობის საკუთარი პროდუქციის მოხმარება, რაც ჩვეულებრივ სოფლად უფრო მაღალია და ნაწილობრივ ავსებს ფულადი შემოსავლის ჩამორჩენას. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ წმინდა ფულადი შემოსავლებს შორის განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის კიდევ უფრო დიდია.

დასკვნა

განცხადებაში მითითებული მონაცემები — 577.8 ათასი დასაქმებული სოფლად და 11.2% უმუშევრობის დონე — ფორმალურად ზუსტია და სრულად შეესაბამება 2025 წლის წლიურ მონაცემებს. თუმცა პრემიერმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინა ისაუბრა, როდესაც უკვე ხელმისაწვდომი იყო მიმდინარე წლის I და II კვარტლების მონაცემები.

ეს არის სელექციური მონაცემების გამოყენების ტიპური მაგალითი: სტატისტიკურად უტყუარი, თუმცა განზრახ მოძველებული ციფრი გამოიყენება იმისთვის, რომ რეალობასთან შეუსაბამო, გაზვიადებულად პოზიტიური სურათი შეიქმნას. სინამდვილეში უახლესი მონაცემები საპირისპიროს მოწმობს — 2026 წელს სოფლად დასაქმების მაჩვენებლები გაუარესდა: უმუშევრობის დონე 12.6%-მდე გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი შემცირდა, უპირატესად დაქირავებული, ანუ ხელფასიანი სამუშაო ადგილების კლების ხარჯზე. ამასთან განცხადებაში უგულებელყოფილია ის ფაქტიც, რომ სოფლად დასაქმება რეალურად დაბალშემოსავლიანია, რაც სტატისტიკური მაჩვენებლებით დასტურდება.

შესაბამისად, ვინაიდან განცხადება დღევანდელი ვითარების აღწერას ისახავს მიზნად, მაშინ როცა რეალურად ეყრდნობა შერჩევით და მოძველებულ მონაცემებს, ის შეცდომაში შემყვანია და ფასდება ვერდიქტით — მანიპულაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები