მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს - ირაკლი კობახიძე

კობახიძე სონღულაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანას სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. მან ამის შესახებ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის. ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%- შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც ბევრ რამეს გააკეთებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, აგროსასურსათო ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

„ფერმერთა მხარდასაჭერად და ქართული სოფლის გასაძლიერებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ჩვენი ფერმერების შრომასა და პროფესიონალიზმთან ერთად, თანმიმდევრულ პოლიტიკას უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის მუდმივ და თანმიმდევრულ გაძლიერებაში. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა და თუ ავიღებთ 7 თვის მონაცემებს, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მთლიანობაში დღეს ამ სექტორზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი, 24% მოდის.

მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გასამყარებლად, ადგილობრივი წარმოების ზრდის, იმპორტის ჩანაცვლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, წელს ავამოქმედეთ ერთიანი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და ფერმერთა რეესტრი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, ასევე იზრდება ქალი ფერმერების რაოდენობა და ამ ყველაფერს ახალი ენერგია შემოაქვს სოფლის მეურნეობაში. ახალგაზრდებს შემოაქვთ ახალი ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ის ენერგია, რომელიც სჭირდება ქართული სოფლის მეურნეობის მუდმივ გაძლიერებას და განვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ ფერმერს. სწორედ თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ქართული მიწა ჩვენი ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ ძალად და განვითარების მყარ საფუძვლად იქცა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერმერის დღეს და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები