მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაიზარდა სოფლის მეურნეობა 2012 წლის შემდეგ - რას აჩვენებს ნომინალური და რეალური მონაცემები?

სოფლის მეურნეობა

ირაკლი კობახიძემ „ფერმერის დღესთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის დარგის წინსვლაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის“.

„ბიემჯიმ“ პრემიერის მიერ დასახელებული მონაცემები გადაამოწმა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ორ კომპონენტს - სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებით მიღებულ გამოშვებას აერთიანებს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 8.6 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა საქსტატის ამავე პუბლიკაციაში აგრობიზნესის მთლიანი გამოშვების მაჩვენებელი ცალკე გამოყოფილი არ არის.

ამასთან, ოფიციალურ წყაროებში აგრობიზნესის 2025 წლის გამოშვებასთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემები გვხვდება. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2026 წლის მარტში გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ 18 მლრდ ლარი შეადგინა. მოგვიანებით, ივნისში, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, პრემიერი აცხადებდა, რომ აგრობიზნესის წარმოებამ 19.8 მლრდ ლარი იყო.

ვინაიდან 19.8 მლრდ ლარი მოგვიანებით გამოქვეყნებული მონაცემია და პრემიერის განსახილველ განცხადებაშიც სწორედ „თითქმის 20 მილიარდ ლარზეა“ საუბარი, შედარებისთვის ამ მაჩვენებელს გამოვიყენებთ.

რამდენჯერ გაიზარდა აგრობიზნესის გამოშვება?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ 18.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 10.5 მლრდ ლარით, ანუ 138.7%-ით აღემატებოდა. შესაბამისად, 2012 წელს აგრობიზნესის გამოშვება დაახლოებით 7.6 მლრდ ლარს შეადგენდა.

თუ ამ მაჩვენებელს 19.8 მლრდ ლარს შევადარებთ, აგრობიზნესის გამოშვება 2012–2025 წლებში დაახლოებით 2.6-ჯერ, ანუ 161%-ით იქნება გაზრდილი. შესაბამისად, პრემიერის მიერ დასახელებული 2.5-ჯერ ზრდა ნომინალურ მონაცემებთან ახლოსაა.

თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - ორივე მაჩვენებელი მიმდინარე ფასებშია გამოსახული. ეს ნიშნავს, რომ გამოშვების ღირებულების ზრდაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, არამედ ფასების მატებაც. შესაბამისად, ნომინალური გამოშვების 2.6-ჯერ ზრდა არ ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობისა და მისი პროდუქციის გადამუშავების რეალური მოცულობაც ამდენჯერვე გაიზარდა.

რას აჩვენებს რეალური ზრდა?

სოფლის მეურნეობის განვითარების შესაფასებლად მხოლოდ მიმდინარე ფასებში გამოხატული მაჩვენებლების შედარება საკმარისი არ არის, რადგან მათზე ფასების ცვლილებაც მოქმედებს. სექტორის რეალური დინამიკის სანახავად უფრო ინფორმაციულია რეალური დამატებული ღირებულების ცვლილება, რომელიც ფასების ეფექტს გამორიცხავს.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის გამოშვებამ მიმდინარე ფასებში დაახლოებით 8.6 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დარგში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ - 5.42 მლრდ ლარი.

საქსტატის წლიური რეალური ზრდის მაჩვენებლების ჯაჭვური გაანგარიშებით, 2012–2025 წლებში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში რეალური დამატებული ღირებულება დაახლოებით 30.5%-ით, ანუ 1.3-ჯერ გაიზარდა.

ზრდა თანაბარი არ ყოფილა - ცალკეულ წლებში სექტორში როგორც ზრდა, ისე კლება ფიქსირდებოდა. 2022 და 2023 წლებში სოფლის მეურნეობა შემცირდა, 2024 წელს გაიზარდა, ხოლო 2025 წელს რეალური დამატებული ღირებულება წინა წელთან შედარებით 5.7%-ით შემცირდა.

ამასთან, 30.5%-იანი მაჩვენებელი უშუალოდ სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის რეალურ დამატებულ ღირებულებას ასახავს, მაშინ როცა აგრობიზნესის 19.8-მილიარდიანი მაჩვენებელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებასაც მოიცავს და მიმდინარე ფასებშია დათვლილი. ამიტომ ეს ორი მაჩვენებელი პირდაპირ შესადარებელი არ არის. თუმცა რეალური მონაცემები აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ზრდის მასშტაბი მნიშვნელოვნად უფრო ზომიერია, ვიდრე ნომინალური მაჩვენებლის ცვლილება.

სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში მცირდება

პრემიერის განცხადების მეორე ნაწილში დასახელებული მაჩვენებლები ოფიციალურ სტატისტიკას შეესაბამება. 2025 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ მიმდინარე ფასებში 5.42 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დარგის წილი მთლიან ეკონომიკაში 5.9% იყო.

თუმცა ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში მცირდება. 2022 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაზე ეკონომიკის 7.6% მოდიოდა, 2023 წელს - 6.9%, 2024 წელს - 6.3%, ხოლო 2025 წელს - 5.9%. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის ნომინალური დამატებული ღირებულება მთლიან ეკონომიკასთან შედარებით უფრო ნელი ტემპით იზრდებოდა.

გრაფიკი 1: სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა და წილი მთლიან მშპ-ში

წყარო: საქსტატი

დასკვნა

ოფიციალური მონაცემებით, აგრობიზნესის გამოშვება 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. პრემიერის მიერ 2025 წლისთვის დასახელებული 19.8 მლრდ ლარის შემთხვევაში, ზრდა დაახლოებით 2.6-ჯერ, ანუ 161%-ს შეადგენს. შესაბამისად, განცხადებაში ნახსენები 2.5-ჯერ ზრდა ნომინალურ მაჩვენებელთან ახლოსაა. ასევე ოფიციალურ სტატისტიკას შეესაბამება სოფლის მეურნეობაში შექმნილი დაახლოებით 5.4 მლრდ ლარის დამატებული ღირებულება და ეკონომიკაში მისი თითქმის 6%-იანი წილი.

თუმცა აგრობიზნესის გამოშვება მიმდინარე ფასებშია დათვლილი და მისი ზრდა წარმოების მოცულობასთან ერთად ფასების მატებასაც ასახავს. ამიტომ ნომინალური გამოშვების 2.5–2.6-ჯერ ზრდა სექტორის რეალური წარმოების იმავე მასშტაბით ზრდას არ ნიშნავს.

ფასების ცვლილების ეფექტის გამორიცხვის შემთხვევაში სურათი მნიშვნელოვნად განსხვავებულია. საქსტატის წლიური რეალური ზრდის მაჩვენებლების საფუძველზე გაკეთებული ჯაჭვური გაანგარიშებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში რეალური დამატებული ღირებულება 2012–2025 წლებში დაახლოებით 30.5%-ით, ანუ 1.3-ჯერ გაიზარდა. 2025 წელს კი სექტორში 5.7%-იანი რეალური კლება დაფიქსირდა. ამასთან, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან ეკონომიკაში 2022 წლის 7.6%-დან 2025 წელს 5.9%-მდე შემცირდა.

ამრიგად, პრემიერი ნომინალურ მაჩვენებლებს არსებითად სწორად ასახელებს, თუმცა 2012 წელთან შედარებით აგრობიზნესის 2.5-ჯერ ზრდას სექტორის წინსვლის საილუსტრაციოდ იყენებს ისე, რომ არ განმარტავს ფასების ზრდის ეფექტს. ამასთან, განცხადება არ აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად უფრო ზომიერი იყო, 2025 წელს კი სექტორში რეალური კლება დაფიქსირდა და მისი წილი მთლიან ეკონომიკაში ბოლო წლებში შემცირდა.

შესაბამისად, განცხადებაში მოყვანილი ნომინალური მონაცემები ფაქტობრივად სწორია, თუმცა მათი კონტექსტის გარეშე წარმოდგენა სოფლის მეურნეობის ზრდის მასშტაბზე გადაჭარბებულ წარმოდგენას ქმნის.

აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები