„ადამიანების რეალური განცდა და მშპ-ის ასეთი მაღალი ზრდა ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგან ზრდა ძირითადად მოდის მომსახურების სექტორიდან და გარე ფულადი ნაკადებიდან და არა წარმოებიდან“, - ამის შესახებ BMG-ის ეკონომისტმა ზაზა ბროლაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წლებია მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, მშპ-ის ზრდა საკმაოდ ვიწრო ბაზას ემყარება. ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა ძირითადად მოდის მომსახურების სექტორზე, იმპორტული საქონლით ვაჭრობაზე, აზარტულ თამაშებსა და IT სფეროზე. ამასთან, IT სექტორში უმეტესად უცხოელი რელოკანტები არიან დასაქმებულნი, რომლებიც საქართველოს უბრალოდ საოფისე სივრცედ იყენებენ და ადგილზე დამატებით ღირებულებას თითქმის არ ქმნიან. იმავდროულად, ადგილობრივი წარმოება, რომელიც რეალურ სამუშაო ადგილებს აჩენს, წლების განმავლობაში არ იზრდება.
"თუ მხოლოდ მთლიან შიდა პროდუქტს დავაკვირდებით ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს უკვე წლებია, მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. თუმცა მხოლოდ მშპ-ით რომ არ შემოვიფარგლოთ, შეგვიძლია შევხედოთ საგადამხდელო ბალანსს, საიდანაც ნათლად ჩანს თუ საიდან შემოდის თანხები. მშპ-ის თითოეული მუხლის უკან დგას ფულადი ნაკადები და მათ შორის პარალელების გავლებაც შეგვიძლია.
მოკლედ რომ ვთქვათ, მშპ-ის ზრდა საკმაოდ ვიწრო ბაზას ემყარება. ის ძირითადად მოდის მომსახურებაზე, ვაჭრობაზე (უპირატესად იმპორტული საქონლით ვაჭრობაზე), გართობის სექტორზე (აზარტულ თამაშებზე) და IT სფეროზე. IT სექტორშიც ძირითადად უცხოელი რელოკანტები არიან დასაქმებულნი. მათი შემოსავლებით ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი ღირებულება თითქმის არ იქმნება ისინი საქართველოს ფაქტობრივად საოფისე სივრცედ იყენებენ და აქედან ემსახურებიან სხვა ქვეყნებს. ანუ ადგილზე პროდუქტი არ იქმნება. ხოლო წარმოება, რომელიც რეალურ სამუშაო ადგილებს აჩენს, წლების განმავლობაში არ იზრდება. ეს ყველაფერი საგადამხდელო ბალანსში აისახება და აღნიშნული პროცესებიც იქ უფრო თვალსაჩინოა.
საგადამხდელო ბალანსზე დაკვირვებისას ვნახავთ, რომ საქონლით ვაჭრობაში ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს. მაგალითად 2025 წლის მონაცემებით, იმპორტმა დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა სულ 10 მილიარდი დოლარი. 9-7-მილიარდიანი დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 18%-ია. ამასთან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ექსპორტის მეოთხედზე მეტი მეორადი ავტომობილებია, სადაც შექმნილი დამატებითი ღირებულება მცირეა, სურათი კიდევ უფრო ნათელი ხდება.
საგადამხდელო ბალანსიდან ჩანს, რომ ამ დეფიციტს ვავსებთ ტურიზმით, ემიგრანტების გზავნილებითა და IT სექტორის შემოსავლებით. 2025 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ემიგრანტები რიცხავდნენ დაახლოებით 3.4 მილიარდს, რასაც ემატებოდა IT სექტორიდან მიღებული ნაკადები. ასევე კარგად ჩანს ინვესტიციების სტრუქტურაც: საგადამხდელო ბალანსში დაფიქსირებული 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციიდან 800 მილიონზე მეტი უცხოელი ინვესტორების მიერ განხორციელებული რეინვესტირებაა.
მთავარი დასკვნა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტისა და საგადამხდელო ბალანსის შედარებით მიიღება, ის არის, რომ მოსახლეობის რეალური მდგომარეობა და მშპ-ის ასეთი მაღალი ზრდა ერთმანეთს არ ემთხვევა. ზრდა ძირითადად მოდის მომსახურების სექტორიდან და გარე ფულადი ნაკადებიდან და არა წარმოებიდან. სწორედ ამის გამო ვერ გრძნობს მოქალაქე ამ ზრდას საკუთარ საბანკო ანგარიშსა თუ ყოველდღიურ მოხმარებაში", - აცხადებს ბროლაძე.
























