15 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ „თეორიულად, რუსი ტურისტების გარეშე რომ წარმოვიდგინოთ საქართველოს ეკონომიკა, შეიძლება ეკონომიკა რეცესიაშიც კი წავიდეს, მარტო ტურიზმის ხარჯზე”.
ეს განცხადება პირდაპირ კავშირს ამყარებს რუსეთიდან ტურისტულ შემოსავალსა და ქვეყნის მთლიან ეკონომიკას შორის. BMG-მ გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება ეს დებულება სიმართლეს და რეალურად რა წილი უკავია რუსულ ტურიზმს საქართველოს ეკონომიკაში.
რუსული ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელსა და 2026 წლის პირველ ნახევარში
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან სულ 4,690.2 მლნ აშშ დოლარი მიიღო, საიდანაც რუსეთის წილმა 694 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ მთლიანი ტურისტული შემოსავლის 14.8%. წლიურ მშპ-სთან (38.1 მლრდ დოლარი) მიმართებით ტურიზმიდან მიღებული ჯამური შემოსავლები 12.3%, ხოლო რუსეთიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მშპ-ის მხოლოდ 1.8% იყო.
2026 წლის პირველ ნახევარში სურათი მსგავსია: მთლიანმა ტურისტულმა შემოსავალმა 1,931.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც რუსეთის წილი 307.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 15.9% იყო. მშპ-სთან შეფარდებით, რუსული ტურიზმის შემოსავალმა 2026 წლის პირველი ნახევრის მშპ-ის (19.7 მლრდ დოლარი) მხოლოდ 1.5% შეადგინა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დახარჯული თანხის სრული მოცულობა ავტომატურად არ რჩება ქვეყნის ეკონომიკაში, ვინაიდან მისი ნაწილი (მაგალითად, იმპორტირებული საქონლის სახით) გარეთ გადის. შესაბამისად, სტატიაში მოცემული 1.5–1.8%-იანი წილი მშპ-ში რეალურად ოდნავ დაბალიც შეიძლება იყოს, ვიდრე ტურისტული შემოსავლის მშპ-სთან პირდაპირი შეფარდებით ჩანს.
2025 და 2026 წლების მონაცემები აჩვენებს, რომ რუსულ ტურიზმს გარკვეული წვლილი მართლაც შეაქვს როგორც მთლიან ტურისტულ შემოსავალში, ისე ქვეყნის მშპ-ში, თუმცა ეს წვლილი შორსაა იმ მასშტაბისგან, რომლის დაკარგვაც თავისთავად, სხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, ეკონომიკურ რეცესიას გამოიწვევდა.
რუსეთი და ევროკავშირი - კვარტალური დინამიკა
შედარებისთვის, საერთაშორისო მოგზაურობიდან ევროკავშირის ქვეყნების ჯამური შემოსავლებიც განვიხილეთ, როგორც ალტერნატიული მსხვილი ბაზარი, რაც რუსული ტურიზმის რეალური წონის შეფასებაში დაგვეხმარება.
2023 წლის დასაწყისში რუსეთი საქართველოს ტურისტული შემოსავლის აშკარა ლიდერი იყო: 2023 წლის პირველ კვარტალში მისმა წილმა თითქმის მესამედი (33.5%) შეადგინა, მაშინ როცა ევროკავშირის წილი მხოლოდ 9.2%-ს უტოლდებოდა.
ეს მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან, ომის დაწყებისა და მასზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემდეგ რუსეთიდან მოქალაქეთა მასობრივი გადინება დაიწყო, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში შემოვიდა. სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა რუსული ტურისტული ნაკადის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად საქართველოს ტურისტულ შემოსავლებში რუსეთის მნიშვნელოვანი წილი ომითა და სანქციებით გამოწვეულ ერთჯერად შოკს უკავშირდება.
შემდეგი სამი წლის განმავლობაში ეს სურათი თანმიმდევრულად შეიცვალა. რუსეთის წილი კვარტალიდან კვარტალამდე თანდათან იკლებდა. 2023 წლის მეორე ნახევრიდან 2024 წლის ბოლომდე ის დაახლოებით 20%-მდე, შემდეგ კი 18%-მდე ჩამოვიდა. 2025 წელს კი 17.2%-დან (I კვ.) 12.7%-მდე (II კვ.) დაეცა. 2026 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით რუსეთიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები და მათი წილი მთლიან მაჩვენებელში შემცირდა, თუმცა II კვარტალში 16.6%-მდე გაიზარდა. ჯამში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რუსეთის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა და ტურიზმის ჯამური შემოსავლების 15.9% შეადგინა (ორი კვარტალის მაჩვენებელი).
ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამური ტურისტული შემოსავალი 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე თანმიმდევრულად იზრდება, შესაბამისად იზრდება ევროკავშირის წილი ტურისტულ შემოსავლებში. 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ ჯამურ შემოსავლებში ევროკავშირის წილმა რუსეთის შესაბამის მაჩვენებელს გადააჭარბა (ევროკავშირი —17% და 17.7%, რუსეთი —15% და 16.6%).
აბსოლუტურ რიცხვებშიც იგივე ტენდენცია იკვეთება. 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალებში ევროკავშირიდან მიღებულმა შემოსავლებმა (335.7 მლნ აშშ დოლარი) რუსეთიდან მიღებულ შემოსავლებს (307.1 მლნ აშშ დოლარი) გადააჭარბა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 1 347 დოლარი იყო, ხოლო რუსეთის მოქალაქის - 503 დოლარი ერთ ვიზიტზე. ეს ნიშნავს, რომ ერთი ევროპელი ვიზიტორი საშუალოდ თითქმის 2,7-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე რუსეთიდან ჩამოსული ტურისტი.
ქვემოთ მოცემულია რუსეთისა და ევროკავშირის წილი მთლიან ტურიზმის შემოსავალში, კვარტალების მიხედვით, 2023-2026 წლებში.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი
სხვაგვარად რომ ითქვას, სახეზეა თანმიმდევრული სტრუქტურული ცვლილება: 2023 წელს რუსეთის აშკარა დომინირება თანდათან შესუსტდა, ხოლო ევროკავშირმა ეს ადგილი ეტაპობრივად დაიკავა. შესაბამისად, რუსი ტურისტების გარეშე დარჩენის ეკონომიკური შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეავსებენ სხვა ბაზრები დანაკარგს. თუ საერთოდ ვერავინ შეავსებს, დანაკარგი მშპ-ს დაახლოებით 1.5–1.8% იქნება; თუ ნაწილობრივ შეივსება, დანაკარგიც შუალედური იქნება; ხოლო თუ ევროკავშირის ბაზარმა ბოლო სამი წლის მზარდი ტენდენცია გააგრძელა, ეკონომიკური ეფექტი დროთა განმავლობაში სულ უფრო შემცირდება. ეს ცხადყოფს, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი უკვე რეალურად ავითარებს ალტერნატივებს რუსული ნაკადის ნაცვლად.
დასკვნა
სტატისტიკური მონაცემები არ ადასტურებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას. რუსეთიდან მიღებული ტურისტული შემოსავლების წვლილი საქართველოს მშპ-ში 2025 წელს და 2026 წლის პირველ ნახევარში 1.5–1.8%-ის ფარგლებში რჩება. ბოლო მონაცემებით (II კვარტალი), ტურიზმის მთლიანი სექტორში რუსული ბაზარი დაახლოებით, მეექვსედს შეადგენს, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება. თუნდაც ყველაზე პესიმისტურ სცენარში, სადაც რუსი ტურისტების დანაკარგს არავინ შეავსებდა, ეს მაჩვენებელი მაინც შორსაა იმ მასშტაბისგან, რომელიც ცალკე, სხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, ქვეყნის ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევდა.
გარდა ამისა, სამწლიანი დინამიკა აჩვენებს, რომ ეს რისკი დროთა განმავლობაში მცირდება და 2026 წლის ორივე კვარტალში კი ევროკავშირმა უკვე გადააჭარბა რუსეთის მაჩვენებელს — არა შემთხვევით რყევის, არამედ სამწლიანი თანმიმდევრული ზრდის ტენდენციის შედეგად.
ამ ორი გარემოების ერთობლიობა — რუსული ტურიზმის შედარებით მცირე წონა მშპ-ში და ალტერნატიული ბაზრების ზრდა, აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, თითქოს რუსი ტურისტების გარეშე დარჩენა თავისთავად ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევდა, რეალობას არ შეესაბამება. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის ბაზრის დაკარგვა ტურიზმის სექტორისთვის უმტკივნეულო იქნებოდა, მაგრამ სექტორული შოკი და მთლიანი ეკონომიკის რეცესია ორი განსხვავებული მასშტაბის მოვლენაა.
შენიშვნა: საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ტურისტად ითვლება მხოლოდ ის, ვინც ქვეყანაში 12 თვეზე ნაკლებ ხანს რჩება. ამიტომ 2022 წლის შემდეგ საქართველოში დამკვიდრებული რუსი მოქალაქეების ეკონომიკური კვალი ამ რიცხვებში საერთოდ არ აისახება. ეს უკანასკნელი უკვე ტურიზმი აღარაა და ცალკე კვლევის საგანია, რომელიც სტატიის ფარგლებს სცდება.
























