ევროკავშირიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები ერთ ვიზიტზე საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე რუსეთიდან.
ეროვნული ბანკისა და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 9 თვეში საქართველოში ევროკავშირიდან [დიდი ბრიტანეთის ჩათვლით] 29%-ით გაიზარდა ტურიზმის შემოსავლები და 665.3 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა რუსეთიდან შემოსავლებში 14.5%-იანი ზრდა ფიქსირდება და 641.3 მლნ დოლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის 9 თვეში, ევროკავშირიდან ჯამში 473 620 ვიზიტი განხორციელდა, რაც 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის შემთხვევაში, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1405 დოლარს შეადგენს. შედარებისთვის რუსეთიდან 1 306 623 ვიზიტორმა ერთ ვიზიტზე საშუალოდ 491 დოლარი დახარჯა. შესაბამისად, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ვიზიტორები, საშუალოდ, თითქმის 3-ჯერ მეტს ხარჯავენ რუს ტურისტებზე.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიიდან განხორციელდა 80 104 ვიზიტი (წლიური ზრდა 21%-ია). მეორე ადგილზეა პოლონეთი 74 341 ვიზიტით, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს 41 032 ვიზიტით, აქ წლიური ზრდა 19.5%-ს შეადგენს, მეოთხე ადგილს საფრანგეთი იკავებს 32 143 ვიზიტით, რაც 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, მეხუთე ადგილზე 28 826 ვიზიტით იტალიაა, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა.
ქვეყნები, საიდანაც ქართულმა ტურიზმმა იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:
- ევროკავშირი [დიდი ბრიტანეთის ჩათვლით] - 665.3 მლნ დოლარი; ზრდა 29%;
- რუსეთი - 641.3 მლნ დოლარი; ზრდა 14.5%;
- ისრაელი - 457.6 მლნ დოლარი; ზრდა 6.4%;
- თურქეთი - 428.2 მლნ დოლარი; კლება -5.7%;
- აზერბაიჯანი - 186.4 მლნ დოლარი; ზრდა 10%;
- უკრაინა - 167.4 მლნ დოლარი; ზრდა 46%;
- სომხეთი - 135.1 მლნ დოლარი; ზრდა 6%;
- ბელარუსი - 84 მლნ დოლარი; ზრდა 15.5%;
- საუდის არაბეთი - 82.9 მლნ დოლარი; კლება -33.5%;
- ირანი - 53.7 მლნ დოლარი; კლება -46%;
























