მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსწავლეებს შორის Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა მცირედით იკლო - სამინისტრო

6172897b140a2
ვიქტორია მღებრიშვილი
22.10.21 14:15
581
ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა და ცალკეული 493 კლასი. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს დაუდასტურდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

უწყების ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ვირუსის გამოვლენისთანავე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. დროული რეაგირების ამ მექანიზმის გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და ამ ეტაპისთვის მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69.3%-ია აცრილი.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი იმყოფება.

აღსანიშნია, რომ სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით. განათლების სამინიტროში აცხადებენ, რომ სკოლები პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით სრულად არიან აღჭურვილი.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, - აცხადებენ სამინისტროში.