“დავიწყეთ მუშაობა ეროვნული შეფასებისა და მოსწავლის სკოლიდან უმაღლეს განათლებაში ტრანზიციის მოდელებზე”, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში ისაუბრა. მისი თქმით, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შედგება სკოლის მოსწავლის შეფასების ეროვნული სისტემა, რომელიც სხვადასხვა მოდელს მოიცავს.
“დღეს, სამწუხაროდ, სკოლებში ცოდნის განმსაზღვრელი შეფასებები არ გვაქვს. ბუნებრივია, ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება. შეფასება მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმისთვის, რომ ბავშვმა იცოდეს, რა დონეზეა, მასწავლებელმა იცოდეს, რა შედეგები აქვთ მოსწავლეებს და ეს სამინისტროსთვისაც ცნობილი იყო.
ამიტომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ეროვნულ შეფასებაზე, რომლებიც სხვადასხვა მოდელს მოიცავს. ეს შეიძლება იყოს მე-6, მე-9, მე-12 კლასებში სადიაგნოსტიკო, განმავითარებელი, პირველ ეტაპზე არასავალდებულო შეფასებები, რომლებიც შემდგომ სხვა კლასებშიც დაინერგება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და, სავარაუდოდ, მომავალ წელს გვექნება შეფასების გეგმა-გრაფიკი, რომელსაც წარვადგენთ”, - ამბობს ამილახვარი.
მინისტრის მოხსენების თანახმად, გარდა ეროვნული შეფასების სისტემისა, მსოფლიო ბანკთან ერთად მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის მოდელი, რომელშიც საშუალო საფეხურის შედეგები იქნება ინტეგრირებული.