მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესმის თითოეული მშობლის და მოსწავლის" - რას ეუბნება განათლების მინისტრი II და III ცვლებში მყოფ მოსწავლეებსა და მშობლებს?

ამილახვარი

განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ზოგიერთ სკოლაში ბავშვების მეორე და მესამე ცვლაში სწავლის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა პრობლემები, რომლებიც არის, "ქართული ოცნების" პერიოდში არ დაგროვებულა.

როგორც მათ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, პრობლემების მოგვარებას გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, მინისტრი საზოგადოებას მადლობას უხდის ურთიერთგაგებისთვის.

"ვიცი, რომ არის ასეთი სკოლები [რომლებშიც სწავლა მეორე და მესამე ცვლაში მიმდინარეობს]. ეს პრობლემები ჩვენ დროს არ დაგროვებულა. ეს ათწლეულებია მომდინარეობს. ამის მოგვარებას დრო სჭირდება და მადლობა საზოგადოებას რომ ამის ურთიერთგაგება არსებობს. მიუხედავად იმ პროვოცირებისა და იმ ანტიპროპაგანდისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საზოგადოება ჩვენ გვისმენს და ამას შეძლებისდაგვარად გაგებით ეკიდება. თუმცა მესმის თითოეული მშობლისა და მოსწავლის, რომლებიც ამ უხერხულობაში არის 1 ან 2 წელი. ამ ადამიანებს ჩვენ ვეუბნებით, რომ თითოეული ასეთი პრობლემა არათუ აღწერილი და იდენტიფიცირებულია, რომელზედაც მე ერთი წლის წინაც ვსაუბრობდი, რომ მყისიერად ამას გავაკეთებდი, არამედ შესულია იმ 100 სკოლაში, რომელიც ჩაბარდება ან 38 [სკოლაში], რომელზედაც შესყიდვის პროცედურები 1 თვის განმავლობაში დაიწყება ", - აცხადებს ამილახვარი.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც დაიდება დასკვნა სკოლის ავარიულობის შესახებ, მათ ვალდებულება აქვთ, რომ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იზრუნონ და შეძლებისდაგვარად უახლოეს სკოლებში გადაიყვანონ. ასეთი ტიპის სკოლები, მომავალი წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაჯდება.

"ახლა, რეალურად დაახლოებით 200 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, საიდანაც პრაქტიკულად 100-ს წელს ვამთავრებთ - 60-ს უკვე სექტემბერ-ოქტომბერში. კიდევ 100 ბუნებრივია გრძელდება და მათი დიდი უმრავლესობა სავარაუდოდ მომავალ წელს უკვე დასრულდება", - განმარტა განათლების მინისტრმა.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტით მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად 28 147 მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, გარემოში გააგრძელებს.

რამდენი სკოლა ვერ დაიწყებს სასწავლო წელს თავის შენობაში? - სამინისტროს პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები