ამჟამად სისტემაში 170 სკოლის რეაბილიტაცია/ მშენებლობა პრაქტიკულად უხარვეზოდ მიმდინარეობს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გუბერნატორებთან, რეგიონებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმის შესახებ, რომ შედგეს იმ სკოლების სია, რომელთა რეაბილიტაცია სწრაფად უნდა დაიწყოს.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ სკოლებზე ტენდერის გამოცხადება 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, ანალიზის საფუძველზე ტენდერების წელსვე გამოცხადება იგეგმება.
„როდესაც დავინიშნე, მაშინ ვთქვი, რომ ყველა გამოცხადებული ტენდერის მიმართ მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებოდით, რომ ჩვენს კონტრაქტორებს მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად შეესრულებინათ თავიანთი ვალდებულებები. სამწუხაროდ, სისტემაში იყო და ჯერ კიდევ რჩება ათამდე სკოლა, რომელიც გაურკვევლობაში იყო და რიგი მიზეზების გამო, ტენდერი ვერ ცხადდებოდა. რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ამჟამად სისტემაში 170 სკოლის რეაბილიტაცია/ მშენებლობა პრაქტიკულად უხარვეზოდ მიმდინარეობს. შეიძლება ერთეული გამონაკლისების გარდა, სადაც ოდნავ ვადა გადაცილებაა, მაგრამ ჯამურად თითქმის აბსოლუტურად მთელ საქართველოში უხარვეზოდ მიდის პროცესი. პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში 40-მდე სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამურად, 220 სკოლის მიმდინარე სამუშაოები უკვე მიდის.
რაც შეეხება პრემიერის პროექტის ახალ ფაზებს, ეს მხოლოდ პირველი ფაზა იყო, რასაც მეორე და მესამე კომპონენტები მოსდევს. გუბერნატორებთან, რეგიონებთან, შესაბამის სამსახურებთან აქტიური ანალიზი მიმდინარეობს, რომ შევიმუშაოთ იმ სკოლების სია, რომლებიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. ამისათვის დაახლოებით ორი კვირა დაგვჭირდება. ვფიქრობ, ასეთი სკოლების ნუსხა, დაახლოებით 20-დან 30-მდე იყოს. ტენდერის 2025 წელს გამოცხადება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, გვინდა წელსვე ტენდერები გამოვაცხადოთ, თუ ამის შესაძლებლობას, ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია და რესურსები მოგვცემს. თუ არადა მომავალ წელს, ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკვე გეგმაში გვიზის. ვიცით, რომ ძალიან მტკივნეული საკითხია მშობლებისთვის, ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვის, რომლებიც გადანაწილებული არიან გვერდით სკოლებში, მაგრამ მათ მინდა დავპირდე, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში კარგ სიახლეებს გეტყვით“,-განაცხადა ამილახვარმა.