„პრაქტიკულად დღე არ გასულა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რომ ახალ სკოლას არ გაგვეხსნა“, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, მათ მიერ განხორციელებული პროექტების რაოდენობა იმდენია, რომ საჭირო გახდა ფრონტის გაშლა და მერების, მაჟორიტარებისა და გუბერნატორების ჩართულობაც, რომლებიც ადგილზე მიდიან და ახალ სკოლებს ხსნიან.
„პრაქტიკულად დღე არ გასულა ბოლო ორი თვის განმავლობაში, რომ ყოველდღე არ მივდიოდეთ და ახალ სკოლას არ ვხსნიდეთ. დღესაც ასე იყო. 2 დღის წინ გორში გახლდით და ასე იყო. იმის წინ ხაშურში ვიყავით და ასე იყო. მანამდე ახალციხეში ვიყავით... ასევე, პარალელურად დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტში ისიც პარალელურ რეჟიმში დადის. იმდენია დაგროვებული, რომ ამას ერთი მინისტრი, ერთი პრემიერი და ერთი პარლამენტის თავმჯდომარე ფიზიკურად ვერ ყოფნის. ამიტომ, გავშალეთ ფრონტი და დეპუტატები, ქალაქების მერები, გუბერნატორები, მაჟორიტარებიც დადიან და ხსნიან ახალ სკოლებს, რომლებიც უკვე ჩაბარებულია.
ეს არის საქმით, რეალური ნაბიჯებით პასუხი იმ პროპაგანდაზე და სწორედ ამის დაზიანება უნდათ. რომ ხედავენ ჩვენს აქტივობას და ამ შესრულებულ პროექტებს, ოპოზიცია რის ოპოზიციაა თავისი სატელიტი არხებით ამის საწინააღმდეგო „კარგი სიუჟეტები“ არ მოგვიძღვნან. ეს ჩვენ არ გვაშინებს, მიჩვეული ვართ. ჩვენ გეგმებს ვერ შეცვლის. ერთადერთი რაც უნდა დაჩრდილონ, ჩვენი გაკეთებული საქმეებია, მაგრამ საზოგადოება საბედნიეროდ ყველაფერს ხედავს და ჩვენ რეალურ, შესრულებულ პროექტებს ჩვენს ბავშვებს და მათ მშობლებს ვაბარებთ“, - აცხადებს ამილახვარი.