მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოუწევთ თუ არა სვანეთში ელექტროენერგიის საფასურის გადახდა - სემეკის წარმომადგენლის განმარტება

5dc30310a5a50
BM.GE
06.11.19 21:40
1157
უიმედო ვალების ასახვა ტარიფში ვერ მოხდება იმდენად, რამდენადაც ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის სამომავლოდ, - ამის შესახებ სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, სვანეთში ელექტროენერგიის საფასურის ამოღებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია.

„ელექტროენერგიის მოხმარება საკმაოდ მაღალი ტემპებით იზრდება. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 7-8 პროცენტიანი ზრდა იყო გასულ პერიოდში. განსაკუთრებით ზრდა აღინიშნება ასევე მესტიის რაიონში, თუმცა, აქ გვაქვს გარკვეული პრობლემები ელექტროენერგიის საფასურის ამოღებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საპარლამენტო განხილვას და ახალ კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, „ენერგოპრო ჯორჯიას“ აქვს სერიოზული პრობლემა უიმედო ვალების თვალსაზრისით, თუმცა, კომისიის წევრებისგან მაქვს გამოკითხული მათი პოზიცია, და უიმედო ვალების ასახვა ტარიფში ვერ მოხდება იმდენად, რამდენადაც ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის სამომავლოდ.

თუკი ჩვენ დავუზღვევთ კომპანიას თანხების ამოღების საკითხს, ამ შემთხვევაში მას არ ექნება სტიმული იმისა, რომ გაამკაცროს ღონისძიებები და ამოღების პროცენტი გაზარდოს“, - განაცხადა სემეკის წარმომადგენელმა.

ხოლო კითხვაზე, თუ რაშია გამოსავალი, ნუგზარ ბერიძე პასუხობს:

„ვიცით, რომ სვანეთის რეგიონში კარგად ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად კვალიფიციური და მისაღები ტურისტული ბიზნესი შესაძლებელია მხოლოდ უწყვეტი ელექტრომომარაგების პირობებში. თუკი კომპანიას არ აქვს დახარჯული ელექტროენერგიის ამოღება, შეიძლება ითქვას, რომ განაწილების ეს არეალი არის არაპერსპექტიული. ვიცით ასევე, რომ სვანეთში არსებული ქსელური ინფრასტრუქტურა არის მძიმე პირობებში, ის გათვლილია გარკვეულ მოხმარებაზე. თუკი ჩვენ გვექნება უყაირათო მოხმარება - რასაც იწვევს აუცილებლად ისეთი პროდუქტის მიწოდება, რომელშიც მოსახლეობა ფულს არ იხდის - რა თქმა უნდა, მომჭირნეობაზე ლაპარაკიც არ იქნება.

მთავრობა მუშაობს ამ საკითხებზე, მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხის ინიცირებაში კომისიას დიდი წვლილი მიუძღვის. როდესაც ჩვენ ეს პრობლემატიკა გავაანალიზეთ, მივმართეთ მთავრობას, ვთხოვეთ შეექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ადგილობრივი წარმომადგენლების ჩართულობით, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკითხის გადაწყვეტაზე ნაადრევია საუბარია.

შეგახსენებთ, როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმის განხილვისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასურის შესაძლო დაწესების საკითხზე ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან უკვე მუშაობს.