მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისს ამოქმედდება - რა რისკები ახლავს ბაზრის გახსნას?

ბირჟა

ელექტროენერგიის ახალი ბაზრის ამოქმედებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. 6-ჯერ გადავადების შემდეგ, ენერგეტიკული ბირჟა ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყებს.

ახალი ბაზრის მოდელში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა შეეძლებათ ტრეიდერებს, თავისუფალ მიმწოდებლებს, ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და მსხვილ მომხმარებლებს. ბირჟის კონცეფციის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიით ვაჭრობა როგორც დღით ადრე, ისე დღიურ ბაზრებზე, ამასთან, თუ ახლა ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება თვეში ერთხელ, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ყოველსაათობრივად განხორციელდება.

რამდენად წავა ეს პროცესი 1 ივლისიდან ისე, როგორც ეს ბაზრის კონცეფციაშია, დაზუსტებით თქმა რთულია, თუმცა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ირწმუნება, რომ სისტემა ბაზრის გახსნისთვის მზად არის, მიუხედავად იმისა, რომ გარე რისკები არ განელებულა.

„ბაზარზე ივაჭრებს მსხვილი მომხმარებელი. პირველ ეტაპზე ვაჭრობა შესაძლოა, იყოს ნებაყოფლობითი მათთვის, რაღაცა პერიოდის შემდეგ უნდა გაიხსნას სავალდებულოდ დღიური ბაზარი, რომ წინა დღეს იყიდონ მომდევნო დღისთვის, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება საათობრივი ბაზარი, როცა ისინი დღის განმავლობაში იყიდიან დამატებით ენერგიას. ისევე, როგორც საბალანსო ბაზარი, რაც სახელმწიფო ელექტროსისტემამ უნდა მართოს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი კომპონენტი ბაზრის გახსნის დროს“, - აცხადებს დავით ნარმანია.

ბიზნესი ბაზრის გახსნას და ბირჟაზე ნებაყოფლობით ვაჭრობას მხოლოდ მიესალმება. როგორც ირკვევა, არსებული ბაზრის მოდელში იქნება საკითხები, რაც 1 ივლისამდე უნდა დაზუსტდეს, მათ შორისაა ბირჟაზე იმპორტის მონაწილეობა, რაც ბიზნესისთვის დღეს ერთ-ერთ მთავარ რისკად აღიქმება.

„ეს ის თემაა, რომელიც უნდა გავიაროთ სამინისტროსთან, ესკოსთან, რომელიც აქტიურად მუშაობს ბაზრის ამ მოდელზე. სად წავა იმპორტი, შევა, არ შევა და ა.შ, რადგან თუ შევა შეიძლება მივიღოთ ფიქსირებული ტარიფი დღე და ღამის განმავლობაში და რეალურად დაიკარგოს ის აზრი, რომ საათობრივი მოთხოვნა განსაზღვრავდეს ფასს და ბირჟის მთელი ეს არსი დაიკარგოს. თუ არ შევა, მაშინ გვექნება ფასი, არარეალური იმ საათში, იმ ღირებულების, რაც შეიძლება იყოს ტარიფი. ამიტომ შუალედური ვერსია უნდა ვიპოვოთ ყველამ ერთად“, - აცხადებს bm.ge-სთან BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

თუ ბირჟაზე იმპორტირებული ელექტროენერგიაც მოხვდება, შესასყიდი ფასი აუცილებლად გაიზრდება- ასეთი მოლოდინი აქვს, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელს. ბაზრის გახსნის პირობებში ერთ-ერთი რისკი სწორედ პირდაპირი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას უკავშირდება.

„პირდაპირი მომხმარებლები, საწარმოები, რომლებიც დღეს თავის ტარიფს გეგმავენ, იციან ელექტროენერგიის ღირებულება რა იქნება, რადგან პირდაპირი მოლაპარაკებებით ყიდულობენ ელექტროენერგიას სხვადასხვა სადგურებისგან, მათთვის არის გარკვეული რისკები, რომ ტარიფი გაიზრდება. შესაბამისად, სახელმწიფოსაც ერთის მხრივ უნდა ბირჟის გახსნა, მეორეს მხრივ არის ის, რომ შეიძლება პირდაპირი მომხმარებლებისთვის, მწარმოებლებისთვის რისკის მატარებელი იყოს. ვიცით, რომ გაზრდილი ტარიფი მწარმოებლისთვის იქნება გაზრდილი ტარიფები ჩვენს დახლებზე. შესაბამისად ვფიქრობ, რომ სწორია ჰიბრიდულად, ნებაყოფლობითი რომ იყოს თავიდან ბირჟა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადავიდეთ ბოლომდე ლიბერალურ ბაზარზე...

რა იქნება ჩამკეტი მექანიზმი ეს უნდა ვიცოდეთ, ჩამკეტი მექანიზმი ბირჟაზე იქნება ენგურის იაფიანი დენი, თუ იქნება იმპორტი. ეს განხილვის საგანი იყო, თუმცა ცალსახაა, რომ თუ ეს იმპორტი იქნება, ტარიფი, რა თქმა უნდა, მაღლა წავა“,-აცხადებს გიორგი მარგებაძე.

რისკების მიუხედავად, კერძო სექტორი ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას, ბირჟა ნებაყოფლობითი ვაჭრობის პრინციპით გაიხსნას, თუმცა ახლა მთავარია, ვინ არის მზად იმისთვის, რომ საბითუმო და საცალო ბაზარზე ივაჭროს.

„მნიშვნელოვანია ბირჟა გაიხსნას და მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს სამართლიანი, გამჭვირვალე ბაზარი ჩვენს სექტორში, იმისათვის, რომ დასავლური ტიპის ინვესტორები მოვიზიდოთ ნელ-ნელა, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც ვფიქრობ, საკმაოდ გონივრულია, რომ ეტაპობრივად გაიხსნას იმიტომ, რომ არ მოხდეს დიდი რყევები ბაზარზე, განსაკუთრებით ფასწარმოქმნის მიმართულებით, რადგან გასაგებია სახელმწიფო უყურებს ორივე მხრიდან, ერთის მხრივ ენერგეტიკა და გენერაცია, მეორეს მხრივ მსხვილი მომხმარებლები და მსხვილი მომხმარებლების ინტერესები დაცული რომ იყოს. ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება, ნელ-ნელა გადავიდეთ სრულად დერეგულირებულ ბაზარზე, რაც ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია“, - აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ბუნდოვანი საკითხია. ახალი ბაზრის მოდელის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ბაზრის მონაწილეს ავალდებულებს, რომ წარმოების ან მოხმარების გეგმიდან გადახვევის შემთხვევაში სისტემაში გამოწვეულ უბალანსობაზე გადაიხადოს ფინანსური ჯარიმა. 1 ივლისიდან რა მიდგომა ექნება ამ მხრივ სახელმწიფოს ჯერ ცხადი არ არის.

ბაზრის ლიბერალიზაცია და ენერგეტიკული ბირჟის გახსნის ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობით აიღო. ბაზრის გახსნის ვადად 2019 წლის ბოლო განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ ბირჟის ამოქმედება 6-ჯერ გადავადდა.

თუ 1 ივლისს ბირჟა ნაწილობრივ გაიხსნა, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო რამდენიმე წელშია მოსალოდნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესისა და საცალო მომხმარებლების გარდა, ნებისმიერი სუბიექტი ელექტროენერგიის შეძენას კონკურენტულ ბაზარზე, დერეგულირებული ფასით შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები