„მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ენერგოობიექტების მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი კვლავ გამოწვევად რჩება.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG-ის განუცხადა, არის ჰიდროელექტროსადგურების პროექტები, რომელთან მიმართებაშიც მსგავსი პრობლემები აღარაა, თუმცა არაერთი ობიექტი რჩება, რომლის მშენებლობაც სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო კვლავ ჭიანურდება.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა იმ საკანონმდებლო პაკეტის მიღებაა, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილი უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩება, სადაც გენერაციის ობიექტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები შენდება.
„არის ენერგოპროექტები, რომელთაც არ აქვთ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ბევრი რეგიონი, სადაც მოსახლეობის წინააღმდეგობა კვლავ გამოწვევაა. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუკი ენერგოპროექტი სოფლიდან 10 კილომეტრში ხორციელდება, ნაკლები პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. თუმცა თუკი მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, მაშინ როგორც წესი, ინვესტორისთვის ეს პრობლემური ხდება. ამიტომ ლატარიის პრინციპით რომ არ ვიყოთ ხოლმე, მთავარი გამოსავალი აქ იმ კანონის მიღებაა, რომელზეც კერძო სექტორი უკვე წლებია მუშაობს. ამ დარგის წარმომადგენლები დარწმუნებულები ვართ, თუკი ქონების გადასახადის ნაწილზე ადგილზე დარჩება და ის უშუალოდ იმ სოფელსა და თემში სხვადასხვა პროექტებს მოხმარდება, მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგვარდება“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
„განახლებადი ენერგიის პროექტების ზემოქმედების არეალში მცხოვრები ადგილობრივ თემებთან გრძელვადიანი სარგებლის განაწილების შესახებ" კანონპროექტი - ასე ჰქვია „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ (GREDA) მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელზედაც მუშაობა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
ინიციატივის უმთავრესი მიზანია, მოსახლეობაში გენერაციის ობიექტების მისამართით არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა. GREDA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.