მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფორმულით გამოითვლება ქონების გადასახადის რა წილი დარჩეს იქ, სადაც ენერგოობიექტებია - GREDA

ენერგეტიკა

„განახლებადი ენერგიის პროექტების ზემოქმედების არეალში მცხოვრები ადგილობრივ თემებთან გრძელვადიანი სარგებლის განაწილების შესახებ" კანონპროექტი - ასე ჰქვია „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ (GREDA) მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელზედაც მუშაობა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

ინიციატივის უმთავრესი მიზანია, მოსახლეობაში გენერაციის ობიექტების მისამართით არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა. სწორედ ამიტომ, GREDA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.

დოკუმენტის საბოლოო ვერსია ჯერ საჯარო არაა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კანონპროექტის ავტორმა, GREDA-ს აფილირებულმა ექსპერტმა მაკა ფარცვანიამ განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარს უჭერს და მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერაც აქვთ.

„მადლობა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძეს, რომელიც მხარში გვიდგას და ყველა სამუშაო შეხვედრაზე ცდილობს, დაარწმუნოს მინისტრი თუ სხვა კოლეგები, რომ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

კარგია, რომ მთავრობამ მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის კანონის დონეზე მოწესრიგების საჭიროება დაინახა. აუცილებელია, ადგილობრივი მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და მათ გაუჩნდეთ ნდობა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ პროექტი, რომელიც მის თემში თუ სოფელში ხორციელდება, არის ქართული, არის მათი და ამ პროექტისგან თითოეულ ოჯახს შესაბამისი სარგებელი ექნება. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს თითოეული ოჯახის ინდივიდუალურ დახმარებას.

კანონპროექტი ითვალისწინებს ინვესტორის მიერ ბიუჯეტში ქონების და მიწის გადასახადის სახით გადასახადელი თანხის გარკვეული ნაწილის უშუალოდ პროექტის/გენერაციის ობიექტის ზემოქმედების არეალში დატოვებას და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეთანხმებით, მათი საჭიროებების შესაბამისად განკარგვას“, - განაცხადა მაკა ფარცვანიამ.

„წერტილთან“ ინტერვიუში GREDA-ს აფილირებულმა ექსპერტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მართალია, ქონების გადასახადი არის ადგილობრივი გადასახადი, რომელიც შედის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, მაგრამ ახალი კანონპროექტი აზუსტებს მიზნობრიობას - ვისი საჭიროებებს უნდა მოხმარდეს ენერგოპროექტების ინვესტორების მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები.

„როგორ უნდა განვსაზღვროთ ვინაა ზემოქმედების არეალში მცხოვრები მოსახლეობა? - პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში წინასწარ განსაზღვრულია ის არეალი, სადაც პროექტი ზეგავლენას მოახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია სარგებელი მოსახლეობამ იგრძნოს არა მშენებლობის ეტაპზე ან/და გენერაციის ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, არამედ თავიდანვე, როგორც კი პროექტის მესაკუთრე დაიწყებს ქონების და მიწის გადასახადის გადახდას. ამ მხრივ, მუნიციპალიტეტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. კანონპროექტის თანახმად, ის შეეხება ყველას - როგორც ძველ, ისე გენერაციის ახალ ობიექტებს ანუ ნებისმიერ ენერგოობიექტს, რომელიც იხდის ქონების და მიწის გადასახადს“, - განმარტა მან.

რაც შეეხება ფორმულას, რომლითაც უნდა დაანგარიშდეს, ქონების გადასახადის რა ნაწილი დარჩებათ პროექტის ზემოქმედების არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, ქონების გადასახადის პროცენტული წილი, რომელიც უშუალოდ ზეგავლენის არეალში დარჩება, განსხვავებული სიმძლავრის მიხედვით და ასევე, ძველი და ახალი გენერაციის ობიექტებისთვის.

„საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 500 კილოვატიდან 15 მეგავატამდე სიმძლავრის გენერაციის ახალი ობიექტების შემთხვევაში, უშუალოდ ზემოქმედების არეალში დარჩება ქონების გადასახადის 50%, 16-დან 50 მეგავატამდე - 40%, ხოლო 51 მეგავატი და უფრო დიდი სიმძლავრის ჰიდრო თუ გენერაციის სხვა ობიექტების შემთხვევაში, ინვესტორის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ქონების გადასახადის 30% განსაკარგავად დარჩება ზეგავლენის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას. რაც შეეხება ძველ სადგურებს, მათ შემთხვევაში სიმძლავრის შესაბამისად, ქონების გადასახადი 25%, 20%, 15%-ის პრინციპით გადანაწილდება.

რატომ გადაწყდა, რომ გენერაციის დიდი ობიექტების შემთხვევაში უფრო ნაკლები იყოს პროცენტული წილი? - ბუნებრივია, დიდი სადგურები უფრო მეტ ქონების გადასახადს იხდიან ადგილობრივ ბიუჯეტში, ამიტომ მუნიციპალიტეტი არ დავჩაგრეთ და უფრო მაღალი პოროცენტი არ განვსაზღვრეთ, რადგან შეიძლება ეს მუნიციპალიტეტისთვის მტკივენული აღმოჩნდეს, თუმცა ეს პროცენტული გადანაწილება შეიძლება შეიცავლოს, რადგან კანონპროექტი ჯერ სამუშაო ეტაპზეა“, - განაცხადა მაკა ფარცვანიამ.

ჯერჯერობით უცნობია, GREDA-ს მიერ მომზდებული საკანონმდებლო ინიციატივა როდის იქცევა კანონად. კანონპროექტის ავტორის თქმით, ამ მოცემულობით, ის საჭიროებს ცვლილებებს საგადასახადო და თვითმმართველობის კოდექსებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები