მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოდი, დავიცადოთ და ვნახოთ, არჩევნები როგორ დასრულდება" - ინვესტორების განწყობები ენერგეტიკაში

მაია მელიქიძე

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის ინფორმაციით, ახალი ინვესტორები საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირებით დაინტერესებულები არიან, მაგრამ ურჩევნიათ არჩევნების შედეგებს დაელოდონ.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიზნესმენების საინვესტიციო აქტივობაზე „რუსული კანონის“ გავლენას შეეხებოდა.

მაია მელიქიძე ამბობს, რომ ინვესტორებს აქვთ კონკრეტული კითხვები და ითხოვენ კონკრეტულ პასუხებს.

- ზოგადად, ჩვენთან როცა მოდიან ახალი ინვესტორები და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე მსგავსი ტიპის შეხვედრა მქონდა, მათი მოლოდინი და განწყობა არის - „მოდი დავიცადოთ, ვნახავ არჩევნები როგორ დასრულდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებ გადაწყვეტილებას“. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ინვესტორი საქართველოში ჩამოდის, ის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სიყვარულის გამო არ აპირებს აქ ინვესტირებას. ის ხედავს პოტენციალს და ამიტომ უჩნდება ინტერესი, მაგრამ აუცილებლად აკვირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის, EBRD-ის, სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების განცხადებებს და ასევე სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების შეფასებებს და რეკომენდაციებს და საბოლოო ჯამში, ასე უყალიბდება დამოკიდებულება. ჩვენ რამდენიმე ინვესტორი გვყავდა საბერძნეთიდან, რომელმაც გვითხრა, რომ მაქვს მზაობა საქართველოში ინვესტიცია ჩავდო, მაქვს თანხაც და ვხედავ პოტენციალს, მაგრამ ამ ეტაპისთვის თავს შევიკავებო. ჩვენ მათ კონკრეტული მზა საინვესტიციო პროექტებიც შევთავაზეთ, მაგრამ გვითხრეს, დაველოდებით არჩევნებს და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებებსო. აღსანიშნავია ისიც, რომ ასე მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არ არის, ზოგადად ასე ხდება....

- თუმცა დამეთანხმებით, „რუსული კანონი“, რომლის გამოც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ინვესტორებისთვის დამატებითი კითხვის ნიშნების წყარო, ვიდრე მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები....

- ინვესტორებს ნებისმიერი ასპექტი აინტერესებთ როგორც სექტორთან მიმართებით, იქნება ეს საგადასახადო თუ ბიუროკრატიული კომპონენტები, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები.

წერტილთან ინტერვიუში მაია მელიქიძემ ისაუბრა დონორების როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში და განსაკუთრებით გამოყო USAID-თან თანამშრომლობა. GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ პროექტები, რომელიც პარტნიორების დახმარებით ხორციელდება, გაგრძელდება. „ერთია ჩვენი სურვილი, მეორეა მოცემულობა“, - დასძინა მან.

„ახალი ინვესტიციები შეჩერდება, სანამ არ გამოჩნდება, საით მივდივართ“ – ინტერვიუ გიორგი აბრამიშვილთან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები