მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი ინვესტიციები შეჩერდება, სანამ არ გამოჩნდება, საით მივდივართ“ – ინტერვიუ გიორგი აბრამიშვილთან

გიორგი აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) გამგეობის თავმჯდომარის და კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, ე.წ. „რუსულმა კანონმა“, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად მიიღო, ინვესტორებში კითხვები გააჩინა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, მიმდინარე პროექტები ალბათ დასრულდება, მაგრამ ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. „პოლიტიკური რყევები ბიზნესისთვის ძალიან შემაფერხებელია“, - ამბობს Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი. იმ შემთხვევაში თუ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) დონორებისგან გრანტების მიღებას გააგრძელებს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაცია GREDA-საც მოუწევს. გიორგი აბრამიშვილს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით არაერთი კითხვა მაქვს, მათ შორის იმაზეც, რა საჭიროა, ფინანსური გამჭვირვალობის მისაღწევად იარლიყების მიკვრა; მისთვის გაუგებარია შემოსავლის ის პროცენტული ზღვარი (20%-ზე მეტი), რომლის მერეც არასამთავრობო ორგანიზაცია რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. არ მესმის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების 21%-ის წყარო არის ამერიკელი ჯონი და 79%-ის - ქართველი მალხაზი, რატომ ვარ ჯონის ინტერესების გამტარებელი და არა მალხაზის?!“ - კითხვას სვამს GREDA- გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.

- „რუსული კანონი“ ჯერ არ ამოქმედებუა, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ბიზნესმენი, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს პროცესებს, რას ფიქრობთ - ამ კანონმა უკვე უფრო მეტი ზიანი მოგვიტანა თუ შეიძლება, სადმე სარგებელიც დავინახოთ?

- ზოგადად, პოლიტიკური რყევები ბიზნესისთვის ძალიან შემაფერხებელია და განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორისთვის, რომელიც კაპიტალტევადია და ყოველი ინვესტირებული ერთი დოლარის ამოღებას ინვესტორი 10-15 წელი ელოდება. რბილად რომ ვთქვა, არასტაბილური სიტუაცია ინვესტორებში შეშფოთებას იწვევს. ჩვენი კომპანიის (Energy Solutions) პარტნიორები, ინვესტორები, კითხვებს გვისვამენ - აინტერესებთ რა ხდება, რა მოლოდინი გვაქვს... მიმდინარე კვირის დასაწყისში, ერთ-ერთი პროექტის ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები იყვნენ ჩამოსულები და მანქანაში ჩასხდომის შემდეგ მათი პირველი კითხვა ზუსტად ეს იყო - რას ვფიქრობთ ადგილობრივი ინვესტორები, რას შეიძლება ველოდოთ...

- რა უპასუხეთ?

- რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ორთვიანი უწყვეტი პროტესტისა, მმართველმა პარტიამ მიიღო კანონი და საბოლოო ჯამში, ყოვლად გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდით. გარდა იმისა, რომ შემდეგი 4-5 თვე აიწევს პოლიტიკური ტემპერატურა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდი მოდის, არჩევნების შემდგომაც თუ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, არ ვიცით, რა იქნება მისი კურსი - ურთიერთობის გადატვირთვას აპირებს თავის ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან თუ კურსის შეცვლას, ესეც გაურკვეველია. რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, შეიძლება ვიღაცებს აქვთ მოლოდინი, რომ დასავლური ინვესტიციები ჩანაცვლდება აღმოსავლური, სამხრეთული თუ თუნდაც ჩრდილოური ინვესტიციებით, მაგრამ მე აქაც პრობლემას ვხედავ. ყველა ინვესტორს სჭირდება სტაბილური ქვეყანა და სანდო პარტნიორები. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ დასავლურ ინვესტიციას, ფულის გარდა, მოჰყვება ცოდნა და გამოცდილება, რაც ასე დეფიციტურია საქართველოში; ამდენად, თანხების წარმომავლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ძალიან რთულია ამ სიტუაციაში პროგნოზების გაკეთება. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ახალი ინვესტიციები შეჩერდება, სანამ სიტუაცია არ დალაგდება და არ გამოჩნდება, საით მივდივართ.

- ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს თქვა, რომ მიუხედავად მოკლევადიანი მღელვარებისა, რომელიც შეიძლება ინვესტორებს ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში, ინვესტორებისთვის გასაგები იქნება, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ეკონომიკაო. პრემიერიც ამტკიცებს, რომ „რუსული კანონი“ ქვეყანას დაამშვიდებს... გეტყობათ რამე დამშვიდების? - თქვენც ახსენეთ, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებსაც აქვთ კითხვები...

- დიახ და ვერანაირი პასუხი ვერ გავეცით. ფაქტებს ვეუბნებით, რომ ახლა ასეთი მდგომარეობაა. პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. ძალიან რთულია იმის წარმოდგენაც, რამ შეიძლება ეს სიტუაცია დაამშვიდოს და დაასტაბილუროს, განსაკუთრებით არჩევნებამდე პერიოდის განმავლობაში. ასევე, ძალიან რთულია განჭვრიტო, რა მოხდება არჩევნების მერეც, თუ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა...

- გვჭირდებოდა „რუსული კანონი“?

- ძალიან რთულია ამაზე საუბარი. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია...

- გასაგებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დეტალურად ადევნებთ თვალს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რა უფრო ჭარბობს - ზიანი თუ სარგებელი?

- ვფიქრობ, ჯერ კიდევ ყველა კარი არაა დაკეტილი. შესაძლებელია ამაზე კონსულტაციები შედგეს და პარტნიორებთან გადატვირთვის რეჟიმში გადავიდეთ. ზოგადად, გამჭვირვალობის წინააღმდეგი არავინაა და მათ შორის არც ჩვენ. GREDA არასამთავრობო ასოციაცია.

- ხვდებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის რეესტრში?

- შარშან USAID-ის გრანტი გვქონდა; თუ გრანტი არ ავიღეთ, არ ვხვდებით, რადგან ძირითადად საწევროების შენატანებზე ვართ დაფუძნებული, მაგრამ ამ კანონიდან გამომდინარე, დამატებითი გრანტების მიღებაზე თავი უნდა შევიზღუდოთ. საბოლოო ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნე, გამჭვირვალობის წინააღმდეგი არავინ არის და ორივე ხელით მივესალმებით, მაგრამ დამატებითი იარლიყების მიწებება რა საჭიროა?! ასევე, არ მესმის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების 21%-ის წყარო არის ამერიკელი ჯონი და 79%-ის - ქართველი მალხაზი, რატომ ვარ ჯონის ინტერესების გამტარებელი და არა მალხაზის?! - ესეც გაუგებარია.

- ხომ არ გქონიათ, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრთან ამ თემაზე კომუნიკაცია... როგორ აისახება ეს კანონი საინვესტიციო იმიჯზე, საკრედიტო რესურსის გაძვირების რისკებზე საუბრობენ ანალიტიკოსებიც...

- მინისტრთან შეხვედრა არ ყოფილა. რისკი ბევრია, მაგრამ ოპტიმისტები ვრჩებით, რომ სიტუაცია შეიცვლება. ჯერჯერობით, ყველა დეველოპერს და ინვესტორს აქვს მიმდინარე პროექტები, რომელთა დასრულებაზე იფიქრებს. ჩვენი ინვესტორებიც მიმდინარე პროექტებს დაასრულებენ, მაგრამ ახალი ინვესტიციები ან წამოვა ან არ წამოვა ან სხვა მხრიდან წამოვა.

- უფრო რა მოლოდინი გაქვთ?

- მოლოდინი მაინც ოპტიმისტურია. ვფიქრობთ, არ გადავუხვევთ ევროატლანტიკური კურსიდან...

- ბოლო ორი თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ნარატივში იყო NGO-ების ნეგატიური როლი სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების მშენებლობაში - თურმე ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ამ პრობლემას გადაჭრის, რადგან გავიგებთ, საიდან ფინანსდება NGO-ები, ვინც ქვეყანაში ჰესების აშენების წინააღმდეგია; არადა მსგავსი ინფორმაცია სუს-ის ანგარიშებიდანაც აქვთ, მაგრამ მერე როგორ ებრძვის სახელმწიფო ე.წ. რბილ ძალას არ ვიცით. მოკლედ, გჯერათ, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი წლობით შეჩერებულ ნენსკრას, ნამახვანჰესის თუ ხუდონჰესის პროექტებს დაძრავს?

- ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია დემოკრატიულ სახელმწიფოში. სამოქალაქო საზოგადოება არის ბალანსის მექანიზმი ბიზნესსა და მთავრობას შორის, რათა ან ერთმა ან მეორემ ბოროტად არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება თუ ფინანსური რესურსები. შეიძლება, ბიზნესისთვის თუ მთავრობისთვის ზედმეტი თავის ტკივილი იყოს მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი სტანდარტის დაკმაყოფილება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყოველთვის აუცილებელია კონსტრუქციული საუბარი; სხვაგვარად წარმოუდგენელია დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.

- ენერგეტიკას უშველის „ოცნების“ რუსული კანონი?

- არ დავიწყებ იმის შეფასებას, პრემიერის ამ განცხადების უკან რა იდგა... თქვენც აღნიშნეთ და მეც ვფიქრობ, რომ თუ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად აფერხებენ სტრატეგიულ ენერგეტიკულ პროექტებს ქვეყანაში, მათი გამოვლენით ალბათ სხვა სამსახურები უნდა დაკავდნენ.

- "ვფიქრობთ, წელს ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე მილიონი დოლარი ჩაიდება" - წლის დასაწყისში თქვით. მართლდება თქვენი პროგნოზები და ასევე, საინტერესოა, CFD აუქციონების ფარგლებში გამარჯვებული პროექტებიდან და არა მარტო მათგან, რამდენია მშენებლობის ეტაპზე გადასული. ამას იმიტომაც გეკითხებით, ჰესების წინააღმდეგ პროტესტი არ გვესმის და მშვიდად შენდება თუ არც არაფერი შენდება...

- სტატისტიკური მონაცემები ჯერ ჩვენც ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ენერგეტიკის სექტორში ახალი კომპანიები გამოჩნდნენ. CFD აუქციონებში ბევრი ახალი კომპანია მონაწილეობდა, რომელიც GREDA-ს წევრი არაა და ჩვენ არ ვიცნობთ მათ, ამიტომ ჯამური სურათის წარმოდგენა რთულია, თუმცა რა პროექტებზეც მქონდა ინფორმაცია და ვიცი, რომ ფინანსურად შეკრული იყო, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. წელს, ენერგეტიკაში რამდენიმე მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი დეფიციტი დავფაროთ და არ ვიყოთ იმპორტდამოკიდებულეი, არ ვიცი...

- დღეს, ქვეყანაში რამდენი ჰესია მშენებლობის ეტაპზე?

- ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ალბათ ათის ფარგლებში იქნება.

- რა სჭირდება საქართველოს, ქართულ ენერგეტიკას განვითარებისთვის?

- განათლება, კვალიფიციური კადრები და დასავლური ინვესტიციები, რომელსაც მოჰყვება დასავლეთის გამოცდილება, ცოდნა და მაღალი სტანდარტები. სწორედ დასავლური სტანდარტებია იმის საწინდარი, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს მდგრადი და გარემოსდაცვითი თუ სოციალური პროტესტები გადავლახოთ და ქვეყანამ შეძლოს განვითარება.

- უძრაობის ხანა ენერგეტიკაში დასრულდა და მოძრაობაში გადავედით?

- კი, მოძრაობაში გადავედით...

- ტემპი როგორია?

- შეიძლება, უკეთესი იყოს.

- რა გაზრდიდა ტემპს? რა გაფერხებთ?

- პოლიტიკური სიტუაცია არყევს ინვესტიციების განხორციელებას, მაგრამ მეორე მხრივ, CFD მხარდამჭერის მექანიზმი სერიოზული ხელშეწყობის ინსტრუმენტია და ამაზე მეტყველების ენერგეტიკის სექტორის აქტიურობა.

- ისე, არ ფიქრობთ, რომ კანდიდატის სტატუსით გაჩენილ შესაძლებლობებს „რუსული კანონით“ წყალი შევუყენეთ?

- არ მინდა, ყველაფერს ხაზი გადავუსვა. მჯერა, ევროპასთნ დამაკავშირებელი მთავარი პროექტი - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი - იქნება პირველი ფიზიკური კავშირი ევროპასთან. დანამდვილებით ვიცით, რომ ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს; ივლისში უნდა დამთავრდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა; ახლახან მსოფლიო ბანკმა პროექტისთვის $35 მლნ გამოყო.

- საქართველოში წერტილი რას უნდა დაესვას?

- პოლარიზაციას და მტრობას. წერტილი უნდა დაესვას იმას, რომ ორი მხარე ნებისმიერ ფასად მზადაა, თავის მიზნებს მიაღწიოს. უნდა ვისწავლოთ კონსტრუქციული საუბარი და კომპრომისებზე წასვლა. მჯერა, ძალა ერთობაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები