მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუს-ი ჰესების წინააღმდეგ პროტესტის უკან დაინტერესებულ პირებს ხედავს

625e4fec16562
ნინო ტაბატაძე
19.04.22 10:33
3733
ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალკეული ჯგუფების დაინტერესებას და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტებს ხედავს.

სუს-ის 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

ამასთან, დაინტერესებული ჯგუფების მიერ მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ინფორმაციის მოპოვება, ხოლო შემდგომ ცალკეული პროცესების მართვისა თუ მათში ნაწილობრივ ჩარევის გზით, ფსევდოპატრიოტული, დესტრუქციული პროცესების განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

"დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გასულ წელს განსაკუთრებული პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ინვესტორს ჰესის მშენებლობის შესაძლებლობა არ მისცეს, რის გამოც 2021 წლის სექტემბერში ნამახვანჰესის ინვესტორმა ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა. ENKA-მ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევად ფორსმაჟორი დაასახელა. კომპანია არბიტრაჟში წასვლასაც განიხილავს.

იმის გამო, რომ საწარმოო დანადგარები და აღჭურვილობა ასევე სხვა საკუთრება ვერ იქნება გამოყენებული, კომპანიამ ის საბალანსო ღირებულებით - $40,389,000 ჩამოწერა.

ENKA საქართველოში, ჯამში, $800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები