"ძალიან კარგი კანონპროექტი გვაქვს, რომლის გატანისთვისაც ვიბრძვით“, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას გენერაციის მეტი ახალი ობიექტის, მათ შორის მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
GREDA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.
აღსანიშნავია, რომ GREDA აღნიშნულ ინიციატივაზე უკვე რამდენიმე წელია საუბრობს და კანონპროექტიც მოამზადა, მაგრამ საკანონმდებლო პაკეტს ამ დრომდე მთავრობის მოწონება არ აქვს და შესაბამისად, ვერც საპარლამენტო განხილვები იწყება.
მაია მელიქიძე დარწმუნებულია, რომ GREDA-ს ინიციატივის კანონად გადაქცევა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ახალი ელექტროსადგურების მიმართ ნეგატიურ განწყობებს შეამცირებს.
- რამდენადაც გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, მოქალაქეებმა რაც გაიგეს, რომ GREDA-ს ამ შინაარსის კანონპროექტი აქვს, მათ თქვეს, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ შევქმნით სირთულეებსო ანუ დაინახეს სიკეთეები, რომლის ბენეფიციარები ისინი იქნებიან. საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმას, რომ ერთი სოფელი მეორესთან შევა კონკურენციაში, რადგან შევთანხმდეთ, განვითარების სურვილი ყველა სოფელს აქვს. არავის უნდა სტაგნაციაში ყოფნა.
- ისიც ფაქტია, უკვე წლებია ვერ არწმუნებთ სამინისტროებს თქვენი კანონპროექტის მნიშვნელობაში....
- როგორც ჩანს, სტრატეგია უნდა შევცვალოთ...
- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ არწმუნებთ?
- იცით, ამას სჭირდება კოორდინირებული გადაწყვეტილება.
BMG-ის ინფორმაციით და ამის შესახებ GREDA-ს მენეჯმენტიც საუბრობს, კანონპროექტს ეკონომიკის სამინისტრო მხარს უჭერს, თუმცა განსხვავებული პოზიციები აქვთ ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს.