ენერგეტიკის სექტორი მეორე სიმძლავრის აუქციონებისთვის ემზადება. ეკონომიკის სამინისტრო აანონსებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული შეთანხმების მიხედვით დარჩენილ ორ აუქციონს უახლოეს კვირებში გამოაცხადებს.
როგორც ცნობილია, CFD სქემის ფარგლებში პირველი სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული 24 კომპანია აპრილში გამოვლინდა, თუმცა დღემდე ამ კომპანიებთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ დარჩენილ, ჯამში 1200 მეგავატის სიმძლავრეზე აუქციონები სექტემბერში გამოცხადდება.
კერძო სექტორს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო შემდგომ აუქციონებს დასახელებულ ვადებში ჩანიშნავს.
„პირველ აუქციონში აქტივობა იყო მაღალი, 300 მეგავატზე, 650 მეგავატის განაცხადი შემოვიდა, შესაბამისად, ეს მეორე ეტაპი იმედია გამოცხადდება სექტემბრის ბოლოს თუ არა, ოქტომბერში დანამდვილებით. მთავარი მოლოდინია, რამხელა სიმძლავრეზე გამოცხადდება. რამდენადაც ვიცი, 400 მეგავატზე დანამდვილებით არის შეთანხმება, თუმც სამინისტრო მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ეს მოცულობა გაიზარდოს, თუმცა რამდენით გაიზრდება არ ვიცით. ამაზე ჯერ კიდევ სამუშაოა.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ ცოტა 600 მეგავატი მაინც იქნება, რადგან წინა აუქციონიდან გამოჩნდა, რომ 650 მეგავატი დარჩა დაუკმაყოფილებელი. ასევე ნაცნობია ჩვენთვის კომპანიები, რომლებიც პირველ ეტაპზე არ შევიდნენ აუქციონში, მაგრამ ამ ეტაპზე განაცხადის გაკეთებას ფიქრობენ. რაც მეტი იქნება მოცულობა, კერძო სექტორი შეძლებს აქტივობა დაიწყოს, ქვეყანა კი შეძლებს თავისი განახლებადი რესურსების ათვისება დაიწყოს და დამოკიდებულება შეამციროს ჩრდილოელ მეზობელზე“, - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.
„1200 მეგავატის სიმძლავრის აუქციონი ერთდროულად ჩატარდება, თუ ეს დაიყოფა ორ ნაწილად, ამაზე პასუხი დღეს არ მაქვს. ახალი აუქციონი, რომელიც უნდა ჩატარდეს იქნება ჰიდროს ნაწილში, რეგულირებად ჰესებზე, ხოლო მოდინებაზე ჰესები გადაიწევს როგორც ვიცი მესამე ეტაპზე და მესამე აუქციონზე იქნება გამოტანილი. ზუსტად როგორ იქნება ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა სექტემბერში რომ არის დაგეგმილი ჩაინიშნოს, ეს დარწმუნებით ვიცით და კარგია“, - აცხადებს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე.
სანამ ეკონომიკის სამინისტრო სიმძლავრის მეორე აუქციონს გამოაცხადებს, პირველი ეტაპის აუქციონის გამარჯვებული კომპანიები მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმებას ელიან. GREDA-ს ინფორმაციით, 1-2 კვირის განმავლობაში მთავრობა მოაწერს ხელს ყველა მემორანდუმს იმ 24 კომპანიასთან, რომელთაც პირველი სიმძლავრის აუქციონში გაიმარჯვეს და თვის ბოლოს ეს პროცესი დასრულდება.
CFD სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს კომპანიებისგან ელექტროენერგია. სანამ ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება, მთლიან ტარიფს კომპანიებს PPA სქემის მსგავსად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი კომპანია - ესკო გადაუხდის.